
თბილისის N109 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, მანო გიორბელიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"მინდა შეგატყობინოთ, რომ N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა... მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... 2 თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ჯერ დაწამლეს ბავშვები, ახლა დენმა დაარტყათ და, ამას დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი და ჩვენმა დირექტორმა მშვიდად განაგრძოს თავისი უპასუხისმგებლობა, ანუ უნდა გავჩუმდეთ და ველოდოთ, როდის დაგვიდგება სავალალო შემთხვევა?! ამას დამატებული, არ მისცეს უფლება, გამოეძახებინათ სასწრაფო და, რა თქმა უნდა, არც ერთი მასწავლებელი ამას საჯაროდ "არ/ვერ" იტყვის, მაგრამ აზრი ერთია: მოხდა შემთხვევა და სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს... დენის დარტყმა ძლიერი იყო, მადლობა მასწავლებლებს, რომ ბავშვები გადარჩნენ... როგორ ჩაიბარა მერიამ ასეთი ბაღი? ან ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ან ვინ მფარველობს ამ დირექტორს ასე, რომ მშვიდად ზის თავის სკამზე - და ზის როგორ? როცა ასეთი შემთხვევაა, ადგილზე არ მოდის; დილიდან რამე რომ დაგჭირდეს, დირექტორს ვერ ნახავ, როცა უნდა მოდის და როცა უნდა მიდის... ამას დამატებული, სამუშაოები "სვარკით“ მიმდინარეობს სასწავლო საათებში - ამდენი ბავშვია ეზოში და ესენი ისე "სვარკაობენ" ვითომ არაფერი... რატომ ხდება ეს ყოველივე საგაკვეთილო პროცესის დროს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეზოში ბავშვები არიან?! ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?“ - წერს მშობელი მანო გიორბელიძე
მომხდარს ambebi.ge-სთან საუბრისას ადასტურებს ბაღის დირექტორი მანანა კობეჩაშვილი.
"დიახ, მოხდა მცირე ინციდენტი. მოაჯირის სახელურზე გადავიდა დენი. ამ ეტაპზე ყველა მხრივ უსაფრთხო გარემოა ბაღში", - განაცხადა მან.
როგორც ბაღში აცხადებენ, ბავშვები ჯანმრთელად არიან. სასწრაფო დახმარების გამოძახების საჭიროება არ ყოფილა.