
ჩემი მიზანი მხოლოდ იმის განხილვა იქნება, რა შესაძლო ვარიანტები არსებობს, რათა საზოგადოებამ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა ქვეყნის ევროკავშირში დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შესაძლო ვარიანტებს საზოგადოებას თავის დროზე წარუდგენენ. „ამის გაკეთება არ გვეჩქარება", - აღნიშნა ბერნემმა.
კვლევითი ცენტრებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების ექსპერტების შეფასებით, ბრიტანეთი გულისხმობს არა ვიწრო ტექნიკურ დეტალებს, არამედ რამდენიმე ძირითად, პრინციპულ გზას - დაწყებული ვაჭრობის გამარტივებიდან და დამთავრებული ევროკავშირში სრული დაბრუნებით.
პირველი და ყველაზე მინიმალური გზა არის ეკონომიკური და სავაჭრო ბარიერების მოხსნა ისე, რომ ქვეყანა ორგანიზაციაში არ ბრუნდება. ამ მიდგომის დადებითი მხარე ისაა, რომ ბიზნესს უადვილდება ევროპასთან ვაჭრობა და მცირდება საზღვრებზე არსებული ბიუროკრატია, თუმცა, უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირი ასეთ შეღავათებს მხოლოდ სანაცვლოდ, გარკვეული წესების შესრულების სანაცვლოდ იძლევა, რასაც ბრიტანეთი ხშირად სუვერენიტეტის შეზღუდვად აღიქვამს.
მათი თქმით, მეორე, შუალედური გზა გულისხმობს სფეროების მიხედვით თანამშრომლობას, როდესაც ქვეყნები ერთვებიან მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებში მაგალითად, უსაფრთხოების, თავდაცვის, მეცნიერებისა თუ ენერგეტიკის საკითხებში. ამ ვარიანტის დადებითი მხარე პრაქტიკული სარგებელია კონკრეტულ სფეროებში, ხოლო მთავარი მინუსი ისაა, რომ ის ვერ აგვარებს იმ ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც ბრექსიტმა გამოიწვია.
მესამე და ყველაზე რადიკალური გზა, რაზეც ექსპერტები მიუთითებენ არის ევროკავშირში სრულად დაბრუნება და წევრობის აღდგენა. ამ ნაბიჯის მთავარი დადებითი მხარე ქვეყნისთვის მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი და საერთაშორისო პოლიტიკაში გავლენის დაბრუნებაა, ხოლო უარყოფითი მხარეები უკავშირდება ძალიან რთულ მოლაპარაკებას, საზოგადოების ხელახალ პოლარიზაციასა და იმას, რომ ბრიტანეთმა შესაძლოა ვეღარ მიიღოს ის პრივილეგიები, რაც წლების წინ ჰქონდა.
საბოლოო ჯამში, საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებამ გააანალიზოს ეს ალტერნატივები და გადაწყვიტოს - სურს სრული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ეკონომიკური ზარალის ფასად, მზად არის კომპრომისებისთვის, თუ მიზანი ევროპულ ოჯახში სრული დაბრუნებაა.
ანალიტიკოსებისა და წამყვანი ექსპერტების შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება ან თუნდაც ძველი ურთიერთობის მასშტაბური გადასინჯვა მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სავსებით შესაძლებელ სცენარად განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს ბრექსიტი შეცდომა იყო, საზოგადოება კვლავ გაყოფილია ისეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა მიგრაცია და ეროვნული სუვერენიტეტი მაგალითად, თუ დაბრუნება ევროს ზონაში შესვლას ან საზღვრების სრულ გახსნას გულისხმობს, მხარდაჭერა მკვეთრად ეცემა.
ამავდროულად, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბრიტანეთს „მენიუდან არჩევის" უფლებას არ მისცემენ და დაბრუნების შემთხვევაში მას აღარ ექნება ძველი განსაკუთრებული შეღავათები და ფინანსური ფასდაკლებები. სწორედ ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სრული დაბრუნების ნაცვლად, პროცესი ეტაპობრივი მიახლოებით წარიმართება, სადაც ქვეყანა ჯერ ზოგიერთ კონკრეტულ სფეროში გააღრმავებს თანამშრომლობას, რათა ეკონომიკური ზარალი შეამციროს და საზოგადოება თანდათან შეაჩვიოს ევროპასთან ინტეგრაციის იდეას.