
ვისაც წაუკითხავს, 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების პერიოდში რა სულისკვეთება ჰქონდა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას ან ვისაც ახსოვს, თუ რა სულისკვეთება ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უკვე ჩვენს თანამედროვეობაში, ალბათ მათთვის ცოტა შოკის მომგვრელია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები ითხოვენ, რომ საქართველოს სახელისუფლებო სისტემები და ინსტიტუტები ფორმირდებოდეს არა ქართველი ხალხის მიერ და მათი ნების შესაბამისად, არამედ უცხოელების კომისიური თანხმობის შედეგად, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
ქადაგიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოების ნაწილი გამუდმებით ვეტინგს მოითხოვს, რადგან მათი ფილოსოფია და ფსიქოლოგიაა, რომ ხელისუფლების ნება, ფორმა და ფორმირება უნდა მოხდეს არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ უცხოელების მიერ.
„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსი თავს არასრულყოფილად აღიქვამს, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს მმართველი იყო და პასუხისმგებლობა გათვიცნობიერებული გქონდეს. ეს ფილოსოფია და ფსიქოლოგიაა, რომლითაც ის ქართველი პოლიტიკოსები არიან დაავადებულები, ვინც გამუდმებით ვეტინგს მოითხოვენ. რეალობაში, რა დევს ვეტინგის უკან? – ვეტინგის უკან დევს ის, რომ არ უნდა იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. ანუ, შენი ხელისუფლების ნება, ფორმა და ფორმირება უნდა მოხდეს არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ უცხოელების მიერ.
სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში სხვადასხვა დროს ასეთი გზა გავლილი გვაქვს, და არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ მანამდეც, ისტორიულ წარსულშიც, როდესაც ხან მეფეს და ხან სხვას გვინიშნავდნენ.
კომუნისტების დროს ოფიციალური ვეტინგი იყო, როდესაც მოსკოვში განისაზღვრებოდა, ვინ იქნებოდა ცეკას პირველი მდივანი, ვინ - მინისტრი, ვინ - რაიკომის მდივანი და ა.შ. დამოუკიდებლობა იმისთვის თუ მოვიპოვეთ, რომ ახალი დამოკიდებულების და ქამრის ქვეშ აღმოვჩენილიყავით, შეიძლება, ვიღაცისთვის ეს არის გამოსავალი, რადგან დაფინანსებას იქიდან იღებს და ანგარიშვალდებულიც იმ დოლარისა და ევროს წინაშეა, საიდანაც ის ფინანსდებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფო თავად ავაშენოთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.