
"ძმაკაცს კბილებით უნდა იცავდე, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა" - ამის შესახებ უკრაინაში"ქართული ეროვნული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აბუ-დაბიში მომხდარ ინცდინეტს ეხმაურება.
11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.
"ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვა ადამიანმა თავისი მეგობარი. და ეს ბუნებრივია - ძმაკაცის გვერდით უნდა დადგე და კბილებით იცავდე, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას მაგალითად ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა, როდესაც თავის თანამებრძოლებთან ერთად იბრძოდა და საქართველოს ღირსებას იცავდა.
ნიკასნაირი ბევრია. თითოეულმა მათგანმა საკუთარი სხეულის ან სულის ნაწილი დაკარგა ბრძოლაში - ჯანმრთელობა, კიდურები, ბევრმა კი სიცოცხლეც - საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას შესწირა ყველაფერი რაც გააჩნია! სწორედ ამ ადამიანებზე უნდა ლაპარაკობდეთ ხმამაღლა.
უნდა გვახსოვდეს, ვისი მხრებით და ვისი სისხლით მოვიდა საქართველო დღევანდელ დღემდე. ვინ გააგებინა მომავალ თაობებს რომ მეგობრის გვერდით უნდა იდგე სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს, ვინ იცავდა საკუთარი სხეულის ნაწილით ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
აი, ამას ვივიწყებთ ჩვენ, ქართველები - ვის მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. და თუ ამ ადამიანებს საბოლოოდ დავივიწყებთ, ერთ დღეს აღარაფერი დაგვრჩება, რასაც ნამდვილ გმირობას დავარქმევთ. არც ის გემახსოვრებათ რომ მეგობრის გვერდში დგომა ბუნებრივია ქართველისთვის!იცნობდეთ საკუთარ გმირებს! გახსოვდეს, როდესაც გძინავს თბილ ლოგინში, ვიღაც უცნობი ქართველი შენს ღირსებას იცავს" - წერს მამუკა მამულაშვილი.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა. მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს. მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი საპატიმროდან 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.