
გუშინ “თავისუფლების მოედნის“ მეტროში ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობილი გახდა ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა, ის 22 წლის დავით ძამაშვილია.
გარდაცვლილს მისი მასწავლებელი, ზურაბ ვარდანაშვილი ემშვიდობება:
"გარდაიცვალა ჩემი მოსწავლე... აი, ის ბიჭი, დღეს რომ მეტროში ჩავარდა... ოღონდ ის ბიჭი - დიდი ასოებით უნდა იწერებოდეს...
სიტყვები არ მაქვს... არც ერთმა მშობლემა არ უნდა ნახოს შვილთან გამომშვიდობება. 9-ე კლასიდან ვასწავლი. არ არის (მაპატიეთ მაგრამ იყოს ვერ დავწერ) უბრალოდ მოსწავლე, არის მეგობარი, ოჯახის წევრი... ყველას ვისაც ოდესმე ვასწავლიდი, ვცდილობდი ვყოფილიყავი სანდო მეგობარი. ენოტი (სკოლაში შევარქვი) არის არა მხოლოდ მოსწავლე და მეგობარი, არის ოჯახის წევრი, უმცროსი ძმა. აი, ისეთი, როცა იცი, რომ შეგიძლია როგორც უმცროს ძმას ისე ელაპარაკო. ისიც გიყვება და შენც ჭკუას არიგებ.
მე როდესაც მივდიოდი ხოლმე სადმე, სახლს ბავშვებს ვუტოვებდი, რომ კატებისთვის მოევლოთ. ასეთი ნდობა გვქონდა. როდესაც რამე დამჭირდებოდა - არასდროს დაიზარებდა, რომ მომხმარებოდა.
გასული ვიყავი 2 დღით, ჩამოვედი და 4 საათია დებილივით კედელს ვუყურებ... გუშინ ვთხოვე იქნებ ჩემთან აიარო კატებს აჭამო და (პარასკევია, ბარები , კლუბები, ახალგაზრდობა) ღამე ნუ ბოდიალობ. ახალგაზრდა ხარ მაგრამ ჭკვიანი. დამხვდა ცარიელი ჯამები... მომენტი, როდესაც კიდევ აჯერებ თავს რომ არა, შეცდომაა. ალბათ არ ეცალა. არ აიარა... ისეთი რამე, რასაც უბრალოდ ვერ დაიჯერებ. ძალიან მტკივა... ვერ წარმოვიდგენ მშობლების ადგილას თავს, დის, ძმის... თუ ენოტმა ასე შეაყვარა მეგობრებს, მასწავლებლებს, ყველას თავი - მშობლები როგორ არიან. ამას სჯობდა მე ვყოფილიყავი მის ადგილას... ჯერ, ჯერ ბავშვი, სულ 22 წელი... 22 წელი!!! ჯერ რომ ყველაფერი წინაა...
დააფასეთ ყოველი წუთი თქვენი ოჯახის და მეგობრების. "მერე" - შეიძლება არ იყოს..." - წერს მასწავლებელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე