რეზონანსი
15.11.2026

დღეს არის ზეიმი მთელი ეკლესიისთვის, რადგან ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ შვიდას ათი ახალმონათლული! - ნათლობის საიდუმლოება არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ საიდუმლოების გარეშე ადამიანი ვერ ხდება ეკლესიის წევრი, მაშასადამე, ქრისტეს სხეულის ნაწილი... იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ეს დიდი მადლი, უნდა იცხოვროს ისე, როგორც უფალი მიგვითითებს , - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპის დასრულების შემდეგ.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს!

დღეს არის ზეიმი მთელი ეკლესიისთვის, რადგან ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ შვიდას ათი ახალმონათლული.

გილოცავთ, ძვირფასო მშობლებო! ნათლიებო!

ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ შესანიშნავ მოვლენას!

როგორც იცით, ნათლისღება არის საშუალება ბოროტი სულების ბატონობისგან გათავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქრისტეს ეკლესიასთან შეერთების საშუალება.

ნათლისღების საიდუმლოებაში მორწმუნე ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. ეს საიდუმლოება სრულდება წყალში სამჯერ შთაფვლით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

და აი, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას, რადგან, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, „ისინი დაიმარხნენ ქრისტესთან ერთად ნათლისღებით და აღდგებიან ახალი ცხოვრებისთვის" (რომ. 6, 4).

ნათლობის საიდუმლოება არის პირველი საეკლესიო საიდუმლოთა რიგში მორწმუნისთვის, რადგან, როგორც გითხარით, ეს არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ საიდუმლოების გარეშე ადამიანი ვერ ხდება ეკლესიის წევრი, მაშასადამე, ქრისტეს სხეულის წევრი, ნაწილი.

ამ საიდუმლოების აუცილებლობაზე, მაცხონებლობაზე მიუთითებდა თვით უფალი იესო ქრისტე, როცა ბრძანებდა: „ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ის გადარჩება" (მარკ. 16, 16). ასევე, ნიკოდიმოსთან საუბარში ის ბრძანებს: „თუ ვინმე არ იშვება წყლისგან და სულისა, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში" (ინ. 3, 5).

როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, ნათლისღების საიდუმლოება დაწესდა მაშინ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ნათელს იღებს მდინარე იორდანეში იოანესგან და როდესაც უბრძანა თავის მოწაფეებს: „წადით და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!" (მთ. 28, 19).

და აი, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება დაიწყო სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომ, მას შემდეგ, რაც მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმინდა და ისინი, აღივსნენ რა სულიწმინდის მადლით, იწყებენ ამ საიდუმლოების შესრლებას. მას შემდეგ დღემდე ეს დიდი საიდუმლოება უცვლელად ნარჩუნდება ეკლესიაში.

მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ეს დიდი მადლი, უნდა იცხოვროს ისე, როგორც უფალი მიგვითითებს და არა ისე, როგორც ჩვენი დაცემული ბუნება გვეუბნება, რომელიც გვკარნახობს: იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ გსიამოვნებს... უფალს კი უნდა ჩვენი სასუფეველში შეყვანა. ამიტომ მას სურს, ვიცხოვროთ ისე, როგორც თავად მიგვითითებს და გვიბრძანებს.

როგორია ეს ცხოვრება?! ეს არის ქრისტეს მცნებების შესწავლა, ამ მცნებებით ცხოვრება, სინანული და ლოცვა, რომ უფალმა არ დაგვტოვოს, არამედ გვაცხონოს იმ გზებით, როგორც მან უწყის. ეს იქნება მწუხარებებით, კეთილდღეობით თუ სხვა რამ გზებით, ოღონდაც არ დაგვტოვოს და არ დაგვაკლოს თავის სასუფეველს, როგორც მას ნებავს და როგორც არის მისი წმინდა ნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო! ძვირფასო ბავშვებო! ნათლისღების მადლით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ნათლისღების მადლით, უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველა მონათლულს საჩუქრად დაურიგდება საიუბილეო ჯვრები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!", - აღნიშნა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×