რეზონანსი
15.11.2026

თბილისში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მოქალაქეს, მაგრამ კახა კალაძემ პრიორიტეტად აირჩია კორუფციული ინტერესები , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.ფარულავამ თბილისის მერის კახა კალაძის 9-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და დედაქალაქის მთავრობა საგარეო ვალის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.„ცხრა წელია, კახა კალაძე არის თბილისის მერი. ამ ცხრა წლის მანძილზე მან და თბილისის მერიამ ჩვენი პარტნიორებისგან აიღეს მილიარდზე მეტი სესხი, რომლის მომსახურებაც თბილისელებს 105 მილიონი უჯდებათ ყოველწლიურად. ეს არის ფული, რომელიც ამოდის ჯარიმებიდან, ანუ საკუთარი ვალდებულებების სხვაზე დაბრალება - სხვას ვერაფერს დავარქმევთ კახა კალაძის ამ საქციელს. ეს ფული, მილიარდზე მეტი, უნდა მოხმარებოდა ტრანსპორტის განვითარებას, მაგრამ მოხმარდა, სავარაუდოდ, პირად და კორუფციულ ინტერესებს. იმის ნაცვლად, რომ ამ ჩავარდნაზე გველაპარაკოს, კახა კალაძე ახლა გვთავაზობს მოდელს, რომელიც ჩვენს თანაქალაქელებს გაურთულებს ცხოვრებას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თბილისიდან გახვალთ და მეორე დღეს ვერ შემოხვალთ? ამ დროს საკრებულოს წევრებს ორი-სამი მანქანა ჰყავთ. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ თბილისსა და დედაქალაქზე, უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რა რეალობაც არის ქვეყანაში. ფაქტობრივად, არცერთი მსხვილი პროექტი არ არის დასრულებული, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქარი მაგისტრალი, თბილისის შემოვლითი გზა არის ამორტიზებული, დღეს კი გვაქვს მოცემულობა, სადაც თბილისიდან გასვლა ჭირს, საცობების გამო შემოსვლაც ჭირს. თბილისს არა აქვს შემოვლითი გზა. გასაგებია, რომ ამ ქალაქში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მოქალაქეს, მაგრამ კახა კალაძემ პრიორიტეტად აირჩია კორუფციული ინტერესები", - განაცხადა ფარულავამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილ ბიუჯეტსა და სატრანსპორტო კომპანიის პოლიტიკაზეც. მისი თქმით, „არასწორი დაგეგმარების გამო ქალაქში სატრანსპორტო ქაოსია შექმნილი".

„ჭავჭავაძის რეაბილიტაცია რომ იწყებოდა, 8 მილიონ 200 000 გვიჯდებოდა პირველი ტენდერით, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ 15 მილიონი დაგვიჯდა. ეს არის არასწორი დაგეგმვის შედეგი. ის ქაოსი, რაც არის მერიაში, სარკისებრისად იჩენს თავს ქალაქში და ვიღებთ იმ შედეგს, რაც არის. იმის ნაცვლად, რომ საცობები არ იყოს და ამაზე იზრუნოს, ყველაფერს აკეთებს კახა კალაძე, რომ ყველგან საცობი იყოს. მაგალითად, გმირთა მოედანზე ისე დაამონტაჟეს შუქნიშნები, რომ ბაგებამდე არის საცობი. გაუშვეს აგერ ვიქტორ წილოსანი, ის არის, ანუ, პასუხისმგებელი? მთავარი პრობლემა არის ის, რომ თბილისი არ არის ბრტყელი ქალაქი, მთა-გორიანია, ამიტომ საჭიროა საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაც. სრული ქაოსია და ეს ქაოსი არის „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის მთავარი ორგანიზაცია ქალაქში, რომელიც გვიორგანიზებს ტრანსპორტს და ბოლო წლების მანძილზე ამ კომპანიის არცერთი ხელმძღვანელი არ იყო „ტრანსპორტერი". გიორგი შარკოვი არის "ენერგეტიკი", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.ასევე, ლაშა ფარულავას შეფასებით, დედაქალაქის მთავრობას არ გააჩნია ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. „ისე არის დაპროექტებული ცენტრალური მაგისტრალები, რომ ამას კორექტირება სჭირდება, სანამ რეაბილიტაციას დაიწყებ. ჭავჭავაძეზე რომ ერთი საავტომობილო ხაზი არის და როცა ნაგვის გატანა უნდა მერიას, მთელი მოძრაობა ფერხდება. სანამ ასე დაგეგმავდნენ, იქამდე უნდა გაეთვალისწინებინათ ეს ყველაფერი. პრობლემაა პოლიტიკის შემუშავების დონეზე. საკრებულოში არიან ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ, როგორი უნდა იყოს თბილისი 10 წლის შემდეგ. საცობები იზრდება იმიტომ, რომ საზოგადოება ვითარდება და ავტომობილებზე მოთხოვნილება იზრდება, რადგან მუნიციპალური სერვისები ვერ ემსახურება მგზავრებს. კიკვიძის პარკთან უნდა გაკეთებულიყო, ვაკეში, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირება, მაგრამ არ გაკეთდა, დაპირება დაპირებად დარჩა. კალაძეს რომ ჰკითხო, რატომ ვერ გააკეთეო, იტყვის, მე გამოვაცხადე ტენდერი და არავინ მიიღო მონაწილეობაო, და სადაც ტენდერს აცხადებს, ყველგან მისი კომპანია იღებს მონაწილეობას ან მასთან დაკავშირებული კომპანია. ეს პრობლემები გაჩნდა სწორედ კალაძის მერად მოსვლის შემდეგ. მთავარი თავის ტკივილია კახა კალაძე, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის", - განმარტა ფარულავამ.მან, ასევე, გააკრიტიკა მერიის ინიციატივა კენტი და ლუწი ნომრების სისტემასა და ავტომობილების გადაადგილების შესაძლო გრაფიკთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტი სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობის დასრულებას უნდა მიანიჭოს, აღნიშნული ინიციატივას კი თავად მმართველ გუნდშიც არ ეყოლება მხარდაჭერები. „ბასლაინები დახაზეს მხოლოდ თავისთვის. კალაძე ელექტრომობილით გადაადგილდება და უკან მოჰყვება დიდი ჯიპი. თვითონ დადის 2 და 3 მანქანით და სხვებს ეუბნება, რომ კენტი და ლუწი სისტემა შემოვაო. თვითონ თქვას უარი რამდენიმე მანქანაზე. გოცირიძის რეაბილიტაცია ყველას გვახსოვს, ვარკეთილის მეტრო დღემდე დაუსრულებელია. გოცირიძის მეტროს რეაბილიტაციას რომელი კომპანიაც ასრულებდა, ახლა სახელი შეიცვალა და რუსთაველის რეაბილიტაციითაა დაკავებული, ჭკადუების კომპანია. რატომ არ ჩამოაცილეს მშენებლობას ეს კომპანია? იმიტომ, რომ მათი ინტერესებია ისევ. ამის ფონზე, როდის უნდა დაიწყოს ლილოს მეტროს პროექტი, დიდი დიღმის პროექტის განხორციელება? ეს შეზღუდვები მე არ მგონია ამოქმედდეს, ტყუილად გაისროლა კახა კალაძემ ეს ინიციატივა. არ არსებობს „ქართულ ოცნებაში" ამ პროექტის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, არც საკრებულოში იქნებიან მომხრეები, რადგან ეს ისეთი სახის პრობლემებს შექმნის, რომ ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი იქნება. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დაწყებული 14 დერეფნის პროექტი დასრულდეს და სრულყოფილად ამუშავდეს", - განაცხადა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×