რეზონანსი
14.11.2026

ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის პროექტზე სამუშაოები ორ წელში დასრულდება. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც გზის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო. რევაზ სოხაძემ ახალ კონტრაქტორ კომპანიას არსებული პრობლემების დროული მოგვარება დაავალა.

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზა სტრატეგიული მნიშვნელობის მარშრუტია. 36 კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს თურქეთთან აკავშირებს. საერთაშორისო ტრანზიტის გარდა, ეს გზა ახალქალაქის რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელიცაა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სოფელ სულდსა და ვაჩიანამდე მისასვლელი სამ კილომეტრიანი მონაკვეთიც, რომელიც ამორტიზებულია.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. პროექტის ფარგლებში სამუშაოების 80 პროცენტზე მეტი უკვე შესრულებულია. დასრულების ვადა 2027 წელია, შედეგად 7 000-მდე მოსახლეს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

საავტომობილო ინფრასტრუქტურის გარდა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების განახლების პროცესი. დასკვნით ეტაპზეა სოფელ ოკამის პირველი და მეორე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ორივე სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და სპორტული მოედნები. პარალელურად, სოფელ სულდაში დაწყებულია 160 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობაც.

ახალქალაქში დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაც. სივრცე, რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი, საცურაო აუზებს, სპორტულ დარბაზებს და საგანმანათლებლო სივრცეებს აერთიანებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×