
დიდუბეში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. 11 ნოემბერს ღამით, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, ლიფტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პენსიონერი ცოლ-ქმარი - 72 წლის სოსო სუჯაშვილი და მისი მეუღლე, ნანა ფირანიშვილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლეს. ცოლ-ქმარი ავეჯის სავაჭრო ცენტრ „საბაში“ მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და ტრაგედიის მომენტში, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 62 წლის გია ძლიერიშვილი ცხელ კვალზე დააკავა.
როგორც ირკვევა, სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი საბურთალოზე მდებარე 227 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა გახდა. აღნიშნული უძრავი ქონება მოკლულმა ნანა ფირანიშვილმა 2018 წელს, ბანკის მიერ გამოცხადებული იძულებითი აუქციონის გზით შეიძინა და კანონიერად გადაიფორმა. თუმცა, ახალი მესაკუთრეები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ბინიდან ძველი მფლობელების, ძლიერიშვილების ოჯახის გამოსახლებას.
მომხდარით შეძრულები არიან სავაჭრო ცენტრ „საბას“ მაღაზიების მფლობელები და დასაქმებულები, სადაც ცოლ-ქმარი წლების განმავლობაში მუშაობდა. ისინი For.ge-სთან საუბარში იხსენებენ, რომ ტრაგედიის დღეს ნანას არანაირი ღელვა ან უჩვეულო განწყობა არ ეტყობოდა.
„ჩვეულებრივ, ქმარმა მოაკითხა, როგორც აკითხავდა ხოლმე ავტომობილით და ერთად წავიდნენ. რაიმე უცნაური ღელვა ან გაბრაზება არ შეგვიტყვია. ვიცით ის, რომ სახლი ბანკის მიერ გამოტანილ აუქციონზე იყიდეს და ძველი მეპატრონეები ბინას არ ცლიდნენ. მას არასდროს უსაუბრია იმაზე, რომ ეს კაცი ემუქრებოდა ან რაიმე მსგავსი ხდებოდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს დავა ვერ მოგვარდა“, - გვიყვება მოკლული ქალის თანამშრომელი.
„საბაში“ დასაქმებული კიდევ ერთი ქალბატონი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შედგა მხარეებს შორის ფინანსური შეთანხმება. მისი თქმით, ყოფილი მეპატრონეები ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ ძალიან მცირე თანხას სთავაზობდნენ, რაც აუქციონზე კანონიერად შეძენილი ქონების რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო იყო.
„ნანამ ეს სახლი 2018 წელს იყიდა, თუმცა მეპატრონეები იქიდან არ გამოდიოდნენ. ისინი მცირე თანხას სთავაზობდნენ სახლის საფასურად, რაზეც ცოლ-ქმარი უარზე იყო. ნანა ამბობდა, ნახევარ მილიონად შეფასებული სახლი, რომელიც 227 კვადრატი მაინც არის, როგორ უნდა მივყიდოთ უკან ასე იაფადო?! ესენიც ხომ თავისას ითხოვდნენ, მათ ხომ არ წაურთმევიათ ეს ბინა?! ამდენი წელია, ისევ იმ სახლში ცხოვრობდნენ და ამხელა შეღავათს უწევდნენ. როგორც ჩანს, ამოიწურა ყველა რესურსი. უმძიმეს მდგომარეობაში ვართ ყველა. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი სამხარაულის ბიუროში წაიყვანეს ცხედრების ამოსაცნობად და დასაკითხად“, - აღნიშნავს „საბაში“ დასაქმებული ქალბატონი.
წყარო: for.ge