რეზონანსი
13.11.2026

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.

ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირდაპირ დაკავშირებას საქართველოსა და რეგიონის სარკინიგზო ქსელებთან, რაც შექმნის პირობებს ტვირთების ეფექტიანი დამუშავების, შეუფერხებელი გადაზიდვისა და პორტის გამტარუნარიანობის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.

დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის. ეს გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს შუა დერეფანში, გაზრდის საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×