
ნეაპოლში, 53 წლის ქართველი მომვლელი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან ხანდაზმული ცოლ-ქმარი დააძინა და სახლიდან 150 ათასი ევროს ფული და სამკაულები გაიტაცა.
ნეაპოლში, 53 წლის ქალს იმ ოჯახის გაძარცვას ედავებიან, სადაც მომვლელად მუშაობდა. იტალიური გამოცემა Il Riformista წერს, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
შემთხვევა ივნისში მოხდა. ქალს ოჯახში მუშაობა სულ რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა. გამოძიების ვერსიით, მან ცოლ-ქმარს ლობიოს წვნიანში დამაძინებელი პრეპარატი შეურია. მას შემდეგ, რაც ორივემ გონება დაკარგა, ბინიდან 50 ათასი ევრო ნაღდი ფული და დაახლოებით 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტანეს.
მომხდარის შემდეგ, მომვლელი გაუჩინარდა. მისი ვინაობის დადგენაში, პოლიციას დაზარალებულების მიერ მიცემული აღწერილობა და ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზა დაეხმარა. პოლიციის ცნობით, დაკავებისას, ქალს იმავე პრეპარატის ფლაკონი აღმოაჩნდა, რომლის კვალიც წვნიანში გამოვლინდა. მას ასევე ჰქონდა ყალბი პირადობის მოწმობა საკუთარი ფოტოთი და სხვისი სახელით.
ქალს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძარცვასა და ყალბი პირადობის მოწმობის ფლობას ედავებიან. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.