რეზონანსი
12.11.2026

თბილისში სპეციალური დაცული (საჯარიმო) ავტოსადგომი აშენდება, სადაც 18 250 ავტომობილის გადაყვანა იქნება გათვალისწინებული. თბილისის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მშენებლობა დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და პარკირების სისტემის მოწესრიგების ფარგლებში განხორციელდება.

დოკუმენტის თანახმად, სპეციალური დაცული სადგომი კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტების სკვერის მიმდებარედ, 7 874 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე მოეწყობა და სამართალდარღვევის შედეგად გადაყვანილი ავტომობილების განსათავსებლად იქნება გამოყენებული.

მერიის განმარტებით, უკვე მომზადებულია სადგომის პროექტიც და მისი სრულფასოვნად განხორციელებისა და სადგომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოწყობისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარდა მოწყობის სამუშაოებისა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2027 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, „ობობას“ ტიპის ევაკუატორით სპეციალურ საჯარიმო სადგომზე საშუალოდ, 18 250 ავტომობილის გადაყვანაა გათვალისწინებული, რისთვისაც 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ როგორც ვარკეთილში სპეციალური დაცული სადგომის მოწყობა, ისე ავტომობილების ევაკუაციის მომსახურება სრულად შესაბამისი სააგენტოს საკუთარი სახსრებიდან დაფინანსდება.

რაც შეეხება თავად დედაქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტს, მისი საერთო მოცულობა 2.239 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (2.193 მლრდ ლარი) შედარებით 46.3 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×