რეზონანსი
11.11.2026

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს. მინისტრი განმარტავს, რომელ პროგრამებს უკავშირდება ზრდა.

„მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის, ჯამში 500 ათასზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით; ასევე, ამავე კატეგორიის 50 ათასზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი; 70 წლამდე მყოფი 440 ათასი ბენეფიციარისთვის, პენსია იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში 36 ათასი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი; ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი და ჯამურად, 640 მილიონ ლარს შეადგენს; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, რომელიც ყოველწლიურად 790 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, შეადგენს 1 მილიარდ 634 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სხვა საჭიროებებთან ერთად, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმები/ექთნების ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით და 159 მილიონ ლარს შეადგენს; მაღალმთიან დასახლებებში განსაზღვრული დანამატებისთვის გამოყოფილია 147 მილიონ ლარზე მეტი. სხვადასხვა დანამატებით, ჯამში, სარგებლობს 175 ათასზე მეტი ბენეფიციარი; დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები მომდევნო წელს იზრდება 60 მლნ ლარით. 2027 წელს 850 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული კონტრიბუცია იქნება 600 მლნ ლარი,“ - აღნიშნა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრმა საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე ისაუბრა.

„2027 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი; საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე - 150 მილიონ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე - 60 მილიონი ლარი; კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე - 40 მილიონ ლარზე მეტი; სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი; დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე“, - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×