რეზონანსი
11.11.2026

ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მეუფე იობის პოზიციების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიტროპოლიტი იობი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის და პარტიას მუდმივად აკრიტიკებს, თუმცა ამჯერად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

„არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, იგი სულ აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ახლა მას ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მეუფემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, არარელევანტურია. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელი და შემდგომი წლები, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამღვდელოების, საპატრიარქოს მხარდაჭერა ჰქონდა. ეს გასაგებია, რატომ და რის გამო ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორც ერი ხედავს, ამ ხელისუფლების ავაზაკობას, ამ ხელისუფლების რუსეთის ნარატივებით მმართველობას, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების ღალატს - ამას ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში შექმნილია კაზინოების, ნარკოტიკების, “ქოლცენტრების”, საბანკო ოლიგარქიის ეკონომიკა და სივრცე აღარ დარჩა მოქალაქეს, მრევლს, რომ ელემენტარულად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. ამის მტკიცებულებები „ოცნების“ მაღალჩინოსანმა გოგაშვილმა წარმოადგინა, რომ არსებობდა „კრებსები“, სადაც ხელისუფლება უსმენდა სასულიერო პირებს, მათ წარმომადგენლებს და ამას ზეწოლისთვის იყენებდა. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამოტივტივდა საზოგადოებაში, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლების ნეგატიური დამოკიდებულებაა „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.

ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე და „ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობაზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×