რეზონანსი
10.11.2026

რუსეთის მოქალაქეების მიერ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში განხორციელებული გამგზავრებების რაოდენობამ ბოლო 17 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსებისთვის ომის საწინააღმდეგო ემიგრაციის პოპულარულ მიმართულებებად მიიჩნევა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო უწყების სტატისტიკაზე დაყრდნობით რუსული გამოცემა „ვერსტკა“ წერს.“

გამოცემის ინფორმაციით, გამგზავრებების რაოდენობით ტრადიციულად საქართველო ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მესამე კვარტალში რუსეთიდან საქართველოში გამგზავრებულთა რაოდენობამ 660.3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 43.3 ათასით მეტია 2025 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე (ამ პერიოდში წინა რეკორდი დაფიქსირდა). ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში რუსეთის 43%-ით მეტი მოქალაქე გაემგზავრა, ვიდრე 2022 წლის მესამე კვარტალში, მობილიზაციის პერიოდში (461.2 ათასი).

რუსეთს მოქალაქეების მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, სადაც ივლის-სექტემბერში 402 300 რუსი ჩავიდა, ხოლო 2025 წლის მესამე კვარტალში, როდესაც წინა რეკორდი დამყარდა, ქვეყანაში 344 700 რუსეთის მოქალაქე გაემგზავრა, რაც 57.6 ათასით ნაკლებია.

რაც შეეხება სერბეთს, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე სერბეთში რუსეთის 64 800 მოქალაქე გაემგზავრა. ეს დაახლოებით 14 000-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წინა რეკორდი აქ 2024 წლის მესამე კვარტალში დამყარდა, როდესაც ქვეყანაში რუსეთის 53 200 მოქალაქე გაემგზავრა.

„სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკა მოიცავს რუსეთის ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში გაემგზავრნენ, მიუხედავად მოგზაურობის მიზეზისა. შესაბამისად, ამ მონაცემებით შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა დატოვა რუსეთი ხანგრძლივი ვადით ომის ან პოლიტიკური ვითარების გამო“, - აღნიშნულია „ვერსტკას“ სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×