რეზონანსი
10.11.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. 

მანვე აღნიშნა, რომ მხარეებს არ აქვთ უფლება მოსარჩელეს მიუთითონ და მოსთხოვონ სარჩელიდან კონკრეტული მტკიცებულებების ამოღება. 

გორდულაძის შეფასებით, პროცესის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არ უნდა გაჩნდეს მცდარი შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმეს მტკიცებულებების გამოკვლევის ან პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევა. 

„ამ ხნის განმავლობაში ჯერ ვისმენდით, რომ სარჩელში არავითარი მტკიცებულება არ არისო. შემდეგ, ვისმენდით ახსნა-განმარტებებს და იმ საკითხებზე საუბრობენ, რაც სარჩელში იყო მითითებული, ან უტრირებას, ან ტყუილს. დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ იმდენი მტკიცებულება არის თურმე დართული, რომ შეიძლება სატვირთო მანქანები დასჭირვებოდა მხარეს, რომ ამოებეჭდა და ისე მოეტანა. ჩამოვყალიბდეთ, ამ სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს. რაც შეეხება გამოკვლევას, თუ ვინმეს აქვს სურვილი, საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს ყველაფერი გადმოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. რაც შეეხება ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი.  სასამართლომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც არის ეს ჩამოყალიბებული ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30  წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით. თუ ვინმეს კონკრეტულ მტკიცებულებებთან პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარეს. მაგრამ თუ ვინმე მიგვითითებს, რომ იცით რა, კეთილი ინებეთ და რომელიმე მტკიცებულებები სარჩელიდან ამოიღეთო და მითითებით რეჟიმში უნდა იყოს ჩვენი მოსარჩელე მხარისადმი, ეს არც პროცესში წერია, მათ შორის არც საერთო სასამართლოების პრაქტიკით არის დადგენილი. 

მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც სხვა ყველა სხდომები, ეს სხდომაც გადაიცემა პირდაპირი ეთერით და საზოგადოების აზრის ჩამოსაყალიბებლად, მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო ვინმეს რაიმე მტკიცებულების გამოკვლევის და ამ მტკიცებულებაზე თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს, ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი უნდა გაჩნდეს.  

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ის, რაც ჩამოყალიბებულია 30 წლის განმავლობაში, ვინმეს შეიძლება მოსწონდეს ეს პრაქტიკა, ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედით, ეს უნდა იყოს ისე, როგორც არის ორგანული კანონით და სასამართლოს პრაქტიკით გათვალისწინებული. თუ ვინმეს რამე პოზიციის დაფიქსირება უნდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა შეუძლია და აქამდეც შეეძლოთ, დაეფიქსირებინათ“,-განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×