
ევროპაში უსაფრთხოების მიღწევაზე აშშ-ის ძალისხმევების ფონზე, პუტინი ულტიმატუმებს აყენებს და უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პუტინი ცეცხლის შეწყვეტისთვის წინასწარ პირობად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის სრულ გადაცემას მოითხოვს და ამ ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრული განადგურებით იმუქრება. იმავდროულად, ის "უსაფრთხოების გარანტიების” თემას მოლაპარაკებების გაჭიანურებისთვის იყენებს.
გამოცემის წყაროების თქმით, თეთრ სახლში გააქტიურდა აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრისთვის მომზადება, რომელიც შემდეგ კვირას აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს. ამავდროულად დახურულ მოლაპარაკებებში ჩართული წყაროები სკეპტიკურად აფასებენ რეალური დაზავების მიღწევის შესაძლებლობას მოსკოვის მაქსიმალისტური პოზიციის გამო.
"თქვენს ინფრასტრუქტურას გავანადგურებ, სადაც არ დათანხმდებით. შემდეგი წლისთვის უკრაინას არ დარჩება არანაირი ინფრასტრუქტურა. ყველა ხიდი, პორტი, რკინიგზა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგური განადგურებული იქნება”, - ასე დაახასიათა პუტინის პოზიცია გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
ამავდროულად, პუტინი უკრაინისგან დამატებით ტერიტორიულ დათმობებს ელის ნატოს ქვეყნებთან უსაფრთხოებაზე რაიმე შეთანხმებების სანაცვლოდ.
პარალელურად, ევროპულმა ქვეყნებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს დონალდ ტრამპისა და მისი მრჩევლების რუსეთის სპეცწარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, თითქოს “დიდი შეთანხმება” მზადდება, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეეხება.