
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი წერს, რომ
ექსპრემიერისთვის პაემნების არდაშვება „დამატებითი“ დასჯის სახით" ხდება.
"ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას...
არც სამართლებრივ „აბლაბუდას“.
შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს - როგორც პოლიტიკოსი.
ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში…
ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია.
ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს…
მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა - სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!", - დაწერა ლექსო თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.