
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთიდან საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას და მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და თქვენი ვიზიტიც საქართველოში ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი მორიგი გამოხატულებაა. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 34 წელს ითვლის და მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლისთავზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მოხარული ვართ, რომ ამ შეთანხმებას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის და მას შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წინსვლას ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განუხრელ მხარდაჭერას ერთი ჩინეთის პრინციპთან მიმართებით. ჩვენს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური ბიზნესის, ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ. ეს შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად გავაღრმავოთ პარტნიორობა, მათ შორის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე.
„ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარება. ასევე, დაინტერესებული ვართ, თანამშრომლობა გავაღრმავოთ არაერთ სხვა სფეროში, ეს არის კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. მოხარული ვართ, რომ ამ დარგებშიც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მუდმივად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შესაბამის უწყებებს შორის. ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენმა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ლიდერები მხარს უჭერდნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ივნისში პრეზიდენტი სი ძინპინი და პრეზიდენტი ყაველაშვილი შეხვდნენ და გაკეთდა განცხადება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, - განაცხადა ხან ჭენმა.