
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ანგარიშში ბევრი უზუსტობაა და მიუღებელია, როდესაც მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
რაც შეეხება იმ ანგარიშს, რაც წარმოადგინეს ის სამარცხვინო ანგარიში, ბევრი უზუსტობებია ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. რევოლუციისთვის, პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა, - აღნიშნა მან მედიასთან.
ზარქუა ასევე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „ევრონიუსთან“ ინტერვიუს გამოეხმაურა და ჟურნალისტს ტყუილში დასდო ბრალი, რომ თითქოს ევროკავშირის ოცდაშვიდივე სახელმწიფო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგია. საპასუხოდ ზარქუამ მარტა კოსის განცხადება გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილი დასანქცირდნენ“.
„მინდა გამოვეხმაურო ასევე ჩვენი პრემიერის ღირსეულ პასუხებს იმ დისკუსიაზე, სადაც ანგაჟირებული ჟურნალისტი დაუსვეს, არაკომპეტენტური, ჩანდა კიდეც, ისე გადადიოდა სხვადასხვა თემებზე, პასუხები არ ჰქონდა, რომ იქ გაეგრძელებინა დისკუსია და მინდა პრემიერს მადლობა ვუთხრა იმ აკადემიური და არგუმენტიანი პასუხებისთვის. მან [ჟურნალისტმა] მოიტყუა და თქვა, რომ 27-ვე სახელმწიფო არის თქვენს წინააღმდეგო. დღეს რა განცხადება გააკეთა მარტა კოსმა, როცა ჰკითხეს, რატომ არ ასანქცირებთო ლიდერებს?! - არიან სახელმწიფოები, რომლებიც უარს ამბობენ და კიდევ ერთხელ მე მინდა იმ სახელმწიფოებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც გონივრულად უდგებიან, აანალიზებენ, რომ საქართველოს უბრალოდ ჩაგრავენ და აქ უნდათ, რომ რევოლუციის შემდეგ აგენტურა დასვან და შემდეგ ის გააკეთებინონ, რაც უკრაინაში ხდება. ომის პოლიგონად აქციეს და მეტი არაფერი. თვითონ რუსეთს სანქციებს უხსნიან. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს და საქართველო უნდა შეეწიროს, მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო. ეს იყო მათი ამოცანა, არ დავუჯერეთ და გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ მართლები ვართ და ამაში გვენდო ჩვენი ქართველი ხალხი. ხოლო ბატონ ჰერჩინსკის მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პასუხი გასცეს ჟურნალისტების კითხვებს, იმ კითხვებს, რაც გვაწუხებს და მერე ვიმსჯელებთ მის შესახებ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი დასანქცირდნენ.