
რუსეთთან ომი უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს ომი ცხელი ფაზიდან, სულ მცირე, დიპლომატიურ ფაზაში გადავიტანოთ. ამ კონტექსტში, მე იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. პირადად მე მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან, ასევე, მისი ურთიერთობა ტრამპთან და პუტინთან, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.
დღეს დისკუსია კვლავ დაეთმო თურქეთში ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი ამის ორგანიზებას შეძლებს, სიამოვნებით დავთანხმდებით ამას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად აშშ-ს აქვს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივ შეხვედრას აბუ-დაბიში.
"ეს პარალელური პროცესებია. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა, ამავდროულად, ლიდერების შეხვედრასაც აუცილებელ პირობად მივიჩნევთ. საკითხები, რომელთა განხილვაც ტექნიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, ნათელია; თუმცა, ზოგიერთი მათგანის განხილვა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე : რა არის დღეს თქვენთვის ის „წითელი ხაზი", რომელზეც კომპრომისი გამორიცხულია, ხედავთ თუ არა მშვიდობის მიღწევის რეალურ ფორმულას იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მოითხოვს, უკრაინამ დატოვოს დონბასის ტერიტორია - კერძოდ, დონეცკი, რომლებიც ამჟამად კვლავ უკრაინის კონტროლქვეშაა" ზელენსკიმ უპასუხა: „ტექნიკური ჯგუფების დღის წესრიგში ისეთი საკითხები იქნება, როგორიცაა ენერგეტიკული და საზღვაო ზავი, ასევე - ტყვეების გაცვლა. ისინი განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება და როგორ მოემზადონ ლიდერთა სამიტისთვის.
ჩვენი გადმოსახედიდან, ლიდერთა სამიტის მთავარი საკითხი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მისი მყარი მექანიზმის მეშვეობით მონიტორინგია. ეს მშვიდობისკენ გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა. უსაფრთხოების გარანტიებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.
ლიდერთა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენა იქნება. ამასთან ერთად, განიხილება ჩვენი ქვეყნების მომავალი, ხალხის ცხოვრების პირობები და, რა თქმა უნდა, ტერიტორიული საკითხი. ეს მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ აზრს, რომ ჩვენი აღმოსავლეთი ტერიტორიები - მათ შორის ყირიმი, რომელიც რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშაა - რუსეთს ეკუთვნის. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირსებას, საზოგადოების ნებასა და ჩვენს კონსტიტუციას.
რუსეთს ეს სურს და სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ცდილობს, ეს აზრი ჩვენამდე მოიტანოს. თუმცა, ეს არც ჯანსაღი და არც ლოგიკური მიდგომაა. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არსებულ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა".
კითხვაზე : მზად ხართ, შეხვდეთ პუტინს თურქეთში და განიხილოთ ყველა ეს კრიტიკული და მგრძნობიარე საკითხი? ზელენსკიმ უპასუხა : "დიახ, მზად ვართ. მზად ვართ ამ შეხვედრისთვის თურქეთში.
თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გასაგებია. პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციაც გასაგებია. თურქეთთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. თურქეთს შეუძლია იყოს პრაქტიკული და რეალისტური შუამავალი. შეხვედრისას ის არცერთ მხარეს არ დაიჭერს. მას შეუძლია, სრულფასოვანი შუამავლის როლი შეასრულოს. და, რა თქმა უნდა, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".
ექსპერტები ამ ინტერვიუს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აფასებენ. პირველ რიგში, მიუთითებენ უკრაინის დიპლომატიური ტაქტიკის ცვლილებაზე. ზელენსკის ფორმულირება არსებულ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ ნიშნავს ტერიტორიების დათმობას, თუმცა მიანიშნებს კიევის მზაობაზე, დროებით გაყინოს სამხედრო მოქმედებები რეალური კონტაქტის ხაზზე.
ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ იურიდიულად ან კონსტიტუციურად ტერიტორიების დათმობა უკრაინისთვის კვლავ წითელ ხაზად რჩება - ყირიმისა და დონბასის რუსეთის ნაწილად ცნობა გამორიცხულია, ხოლო უკრაინის სტრატეგიაა ტერიტორიული დავის სამომავლო დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადატანა ცეცხლის სრული შეწყვეტის ფონზე.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი თურქეთის როლი და ორდონიანი მოლაპარაკებების სტრუქტურაა. ანკარას აქვს უნიკალური პოზიცია: ნატო-ს წევრობის მიუხედავად, პრეზიდენტ ერდოღანს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან და ვაშინგტონთან. ექსპერტების აზრით, ზელენსკი ცდილობს გამოიყენოს ერდოღანის პირადი გავლენა პუტინსა და ტრამპზე.
ამასთან, იკვეთება ორდონიანი არქიტექტურა: აბუ-დაბიში ტექნიკური ჯგუფები განიხილავენ პრაქტიკულ საკითხებს (ენერგეტიკული და საზღვაო ზავი, ტყვეების გაცვლა), ხოლო თურქეთში ლიდერების დონის სამიტი აუცილებელია უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად (ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ქვეყნის აღდგენა და ტერიტორიული სტატუსი).
ამავდროულად, ანალიტიკოსთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი პირდაპირი შეხვედრის რეალისტურობაზე კრემლის პოზიციის გამო. მოსკოვი კვლავ ითხოვს უკრაინული ძალების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის იმ ნაწილებიდან, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს. ვიდრე კრემლის მოთხოვნები ულტიმატუმის ხასიათს ატარებს, პუტინის მხრიდან ზელენსკისთან პირდაპირ შეხვედრაზე დათანხმების შანსი დაბალია. გარდა ამისა, არსებობს შიში, რომ რუსეთმა შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესი ფრონტზე პოზიციების გადასაჯგუფებლად გამოიყენოს, თუ არ შეიქმნა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მკაცრი საერთაშორისო მექანიზმები.