რეზონანსი
02.11.2026

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას 2022 წლის მიწურულს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ჰქონდა.

„ზელენსკი იმ მომენტში ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სამხედრო ლიდერი იყო. მას მკაფიოდ ესმოდა საზოგადოების განწყობები. ახლა ამბობენ, რომ 2022 წლის მიწურულს რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შანსი არსებობდა. სხვათა შორის, ვეთანხმები - მცდელობად ღირდა“, - აღნიშნა მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

„მაგრამ როგორ უნდა გაგეკეთებინა ეს, როდესაც საზოგადოებაში ეიფორია სუფევს: კიდევ ცოტაც და ჩვენი ისტორიის 300 წელს დავიბრუნებთ, „მოსკალებს“ დავსჯით? ხალხი ენთუზიაზმითაა სავსე: 1991 წლის საზღვრები. ხელისუფლებაც ზუსტად ასე მოიქცა და მეც ანთებული ვიყავი ამ იდეით. ერთადერთი, მესმოდა: თავისთავად 1991 წლის საზღვრები მშვიდობას ვერ მოიტანდა. პუტინი არ გამოვიდოდა და არ იტყოდა: „კეთილი, თქვენ მე გამაძევეთ. ნახვამდის, როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ“. თუმცა ვეთანხმებოდი იდეას, რომ იმ მომენტში შესაძლებელი იყო მათთვის უკან დახევა გვეიძულებინა. როგორ უნდა უთხრა საზოგადოებას ასეთ ვითარებაში: ახლა კი შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ?“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, 2022 წლის მიწურულს ფრონტზე ვითარება უკვე უკრაინის საზიანოდ შეიცვალა, ხოლო 2023 წლის გაზაფხულზე ბახმუტი დაეცა.

„ჩვენი კონტრშეტევა შენელდა და პუტინს გაჩერების მოტივი აღარ დარჩა. ასე რომ, თეორიულ დონეზე, 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოლაპარაკების მცდელობა შესაძლებელი იყო, თუმცა ღრმად მწამს, რომ შედეგს მაინც ვერ მივაღწევდით“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×