
დემონსტრაციების მორიგი ტალღა ევროპაში - მასობრივი არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 800-მდე პირი დააკავა. პარიზში, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ჟანდარმს ცეცხლი წაეკიდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარს ხელისუფლებამ მკვლელობის მცდელობა უწოდა.
თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ, იხსენებენ როგორ აპროტესტებდნენ "მოლოტოვის კოქტეილს" სროლისთვის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ელჩები, როგორ მიმდინარეობდა მათი მხარდაჭერით კამპანია "მე ვისროლე" და რა განცხადებებს აკეთებდნენ ევროპის ლიდერები საქართველოში პროტესტის დროს და ახლა, როდესაც ძალადობრივი ქმედებები უკვე მათ ქალაქებში ხდება.
"თბილისში მიმდინარე აქციები, რომელმაც შედეგად კინაღამ პარლამენტის დაწვა გამოიწვია, იყო პირდაპირ ეთერში ნაჩვენები "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ფაქტი და პოლიციის დაწვის მცდელობა, ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიიდან ამ რადიკალიზმის წამახალისებელი ძალებისგან იყო მონათლული როგორც მშვიდობიანი აქცია და მთელი კამპანია იწარმოა ევროფონდების დაფინანსებით, რომელიც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის რომანტიზებას და გაიდეალიზებას ემსახურებოდა.
აბსოლუტურად საპირისპიროა დღეს ევროკავშირში - იქაც ხდება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, მაგრამ მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ სავსებით სამართლიანად, მაგრამ უსამართლობა აქ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავდით საქართველოსთან მიმართებით: ის ორმაგი სტანდარტი, წახალისება რადიკალიზმის და მცდელობა - სიმართლე პრაქტიკულად გადასხვაფერებული, სხვა კონტექსტით წარედგინათ, როგორც ადგილობრივი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე მსოფლიო თანამეგობრობისთვის", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.