რეზონანსი
02.11.2026

ნატო-ში ელოდებიან, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპი ალიანსის მიმართ კრიტიკას გააძლიერებს, — ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ნატო-ში შეშფოთებული არიან, რადგან მიიჩნევენ, რომ კონგრესში უმრავლესობას დემოკრატები თუ მოიპოვებენ და ტრამპს საშინაო პოლიტიკის მიმართულებით მოქმედების შესაძლებლობები შეეზღუდება, აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანოს. სამი დიპლომატის განცხადებით, ეს, შესაძლოა, ევროპიდან დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას ნიშნავდეს.

„როგორც წესი, პრეზიდენტები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენას კარგავენ, საგარეო პოლიტიკაში აქტიურდებიან. ის შეიძლება ძალიან გაბრაზდეს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ხისტი იქნება“, — განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწემ, ოლივია უელსმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა ნატო-სთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ“. ამასთან, მისი თქმით, ტრამპი კვლავ მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ირანთან ომის დროს ნატო-ს მოკავშირეებს შეერთებული შტატებისთვის მხარი უნდა დაეჭირათ.

მოკავშირეების შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გადახედვაა, პროცესი, რომელიც დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. სამი დიპლომატის განცხადებით, თუ ახლად არჩეული კონგრესი ტრამპს საშინაო პოლიტიკის საკითხებზე კანონების მიღებაში ხელს შეუშლის, პრეზიდენტმა, შესაძლოა, ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდოს, რათა მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებულის“ (MAGA) მხარდამჭერების მობილიზება შეძლოს.

წყაროების ცნობით, ტრამპმა შესაძლოა, ასევე შეამციროს აშშ-ის შენატანები ალიანსის ფონდებში, შეზღუდოს ნატო-ს მხარდაჭერით მოქმედი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის პროგრამა PURL-ი და რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს. თუმცა მოკავშირეების ნაწილი უფრო სკეპტიკურად უყურებს შესაძლებლობას, რომ ტრამპი ნატო-ს წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენ მუდმივად გვესმის ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტრამპი ნატო-ს დატოვებს, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა“, — განაცხადა მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა, დრაგან კრაპოვიჩმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრსა და სენატის 35 წევრს აირჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×