
ილიაუნის პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ - სამართლებრივი დავა დაწყებულია. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, კანცლერსა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს მძიმე ბრალდებებს უყენებს. დევნა, დისკრიმინაცია, იძულება - თეა გოდოლაძე „კურიერთან“ საუბარში ამბობს, რომ მას უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თანამდებობიდან წასვლა აიძულეს, ტერიტორიის დატოვება კი პოლიციის ძალით მოსთხოვეს. მომჩივნის მტკიცებით, ილიაუნის ხელმძღვანელობამ არაერთი ღონისძიებიდან მიზანმიმართულად ჩახსნა და ამერიკული პროექტებიც დაბლოკა.
ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ნინო დობორჯგინიძეა. ილიაუნის პროფესორი რექტორს მის წინააღმდეგ მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დობორჯგინიძე უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებსაც დევნის და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ილიაუნის რექტორი, უკვე მეორე დღეა, „კურიერის“ არც სატელეფონო ზარებს და არც წერილობით შეტყობინებებს პასუხობს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიყავით გუშინაც და დღესაც, თუმცა, ორივე შემთხვევაში, გვითხრეს, რომ რექტორი უნივერსიტეტში არ იმყოფებოდა.
თეა გოდოლაძის სარჩელში მოხვდა ილიაუნის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლაშა სუხიშვილიც, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ გოდოლაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, უნივერსიტეტის თანამშრომლად კი დღემდე რჩება და ანაზღაურებასაც იღებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ილიაუნი უკვე დიდი ხანია, საგანმანათლებლო დაწესებულების ნაცვლად, პოლიტიკური ინტერესების გამტარ ინსტრუმენტად იქცა. სახელისუფლებო პარტიის წევრებს არც ნინო დობორჯგინიძის მისამართით გამოთქმული ბრალდებები უკვირთ, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველა ბრალდებას დადასტურება სჭირდება.
„კურიერის“ ინფორმაციით, თეა გოდოლაძის სარჩელი უკვე სასამართლოშია. იქამდე, ილიაუნის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ყოფილმა დირექტორმა სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა.