რეზონანსი
31.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციის, მარ-ა-ლაგოს მახლობლად, მიწა-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის ორი სისტემა განათავსეს.

„ტელეგრაფი“ აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი უწყება „გაზრდილი საფრთხის პირობებში“ მუშაობს და დაცვის ზომებს მუდმივად აძლიერებს.

„აშშ-ის საიდუმლო სამსახური გაზრდილი საფრთხის პირობებში მუშაობს. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ თავდაცვის ოპერაციებს და ვიყენებთ უახლეს საშუალებებს, ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იმ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა დაცვაც გვევალება“, - განუცხადა სამსახურმა „ტელეგრაფს“.

მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურის მოთხოვნით, მარ-ა-ლაგოს გარშემო ტრამპის ვიზიტის დროს საჰაერო სივრცე შეზღუდულია.

სამსახურმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დაცვას, წელს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ საფრთხეები 40 პროცენტით გაიზარდა.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ გაზრდილი საფრთხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი მიიჩნევა, თუმცა, ბოლო წლებში, აშშ-ის მოქალაქეების მიერ ტრამპის მკვლელობის რამდენიმე მცდელობა მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×