
რამდენიმე დღის წინ, ბელგიაში, კლინიკაში ახალგაზრდა ქართველი ლუკა ალექსიძე გარდაიცვალა. იგი მძიმე სენს ებრძოდა. ლუკა ალექსიძეზე ემოციურ წერილს მამა ადამი ახალაძე აქვეყნებს.
„დამიგრძელა ქრისტემ გოლგოთა. დამიმძიმდა მამაშვილობის ჯვარი. კიდევ ერთი ჩვენი შვილი, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი კაცი გადავიდა მარადისობაში, საქართველოვ!
შვილიო რომ ვამბობ, იმის ხაზგასმას ვცდილობ, მშობლების სიცოცხლეში რომ გვეცლებიან ხელიდან.
მშობლებს უმეტესწილად ხომ მაინც პატარებად გვესახებიან შვილები. მეც ლუკას უფრო ჩხარის ფეხბურთის მოედანზე მორბენალს წარმოვიდგენდი ხოლმე, ჰადაჰა – სასულიერო სემინარიის სტუდენტს. ის კი ამასობაში გაიზარდა, ტანი აიყარა, დავაჟკაცდა. კაი ყმა შეიქნა სულითაც და ხორცითაც!
სენს კი ვერ აჯობა. არც მასთან თანაარსებობა გამოუვიდა – ერთხანს კიდევ რომ ყოფილიყო ჩვენთან. შიგნიდან გამოღრღნა, აწამა, სალამათი გამოაცალა. სული კი ვერ გაუტეხა.
გარდაცვალების წინ სიყვარულს უხსნიდა დედას Deda Qionia და მეუღლეს Ana Stasia. თავის სამ ძმას Saba Aleksidze ლოცავდა. იცოდა, რომ გადიოდა ამ წუთისოფლიდან და სიკვდილის არ მეშინიაო…
ლუკა ალექსიძე! ჩვენი მონასტრის – თამარწმინდის დედაოს, მონოზონ ქიონია ბრეგვაძის Deda Qionia ვაჟიშვილი, ჯერ სამების, მერე იოანე ღვთისმეტყველის ტაძრების სტიქაროსანი, თბილისის სემინარიის კურსდამთავრებული, უზარმაზარი ჩვენი საახლობლოს, სანათესაოს, სულიერი ოჯახის, ჩვენი საგულეთისა და მთელი ჩვენი ქვეყნის ტკივილი და ტკივილზე მეტი…
სულთათანა გიგალობონ ანგელოზთა, ჩემო ლუკა“, – წერს მამა ადამი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე