
რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, არსებობს ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იმისა,რომ წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები, შესაბამისად, მათი წარმომადგენლები, გააგრძელებენ სასამართლო სხდომის დარბაზში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უსუსურ მდგომარეობაში იმყოფებიან და იაფფასიანი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ, რომ შექმნან გარკვეული ილუზია საზოგადოების თვალში იმის შესახებ, რომ თითქოსდა გარკვეული კონსტიტუციური ბრალდებები მათ მიმართ არის არაარგუმენტირებული.
"გასაგებია, რომ მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვინაიდან, ისინი ჩვენს შესაბამის არგუმენტებს, იმ ფაქტებს, რომელიც არის მოხმობილი საკონსტიტუციო სარჩელში, სხვას ვერაფერს უპირისპირებენ. არიან აბსოლუტურად უსუსურ მდგომარეობაში და ამგვარი იაფფასიანი მეთოდების გამოყენებით ახლა ისინი ცდილობენ, რომ შექმნან გარკვეული ილუზია საზოგადოების თვალში იმის შესახებ, რომ თითქოსდა გარკვეული კონსტიტუციური ბრალდებები მათ მიმართ არის არაარგუმენტირებული, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი ტყუილი და სიცრუეა იმის გათვალისწინებით, რომ დაკვირვებული თვალი შენიშნავდა მათ, ფაქტობრივად ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რაც სარჩელში ჩვენი მხრიდან გახლავთ ასახული” - აღნიშნა ჭეიშვილმა.
როგორც მან განმარტა, ოპოზიცია საკუთარი ნარატივით ადასტურებს სარჩელში მოყვანილ შესაბამის პასაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ წლების განმავლობაში სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები ცდილობენ იმას, რომ შიდა თუ საგარეო დონეზე ლეგიტიმაციის არაღიარების კონტექსტში წარმოაჩინონ საქართველოს ხელისუფლება.
"აქ კიდევ ერთი გარემოებაა უაღრესად საინტერესო, რომ ფაქტობრივად, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა ეს, ისინი ცდილობენ ისრების გადმოტანას ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარეს და იმგვარი ნარატივის ტირაჟირებას ახდენენ, რომლის მიხედვითაც, ვითომდა „ქართული ოცნება“ ყოფილა კონსტიტუციის დამრღვევი პოლიტიკური ძალა, რაც არის, ერთი მხრივ, უბრალოდ ღიმილისმომგვრელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ამით ფაქტობრივად ადასტურებენ ჩვენსავე მტკიცებას, მათ შორის, სარჩელში მოყვანილ შესაბამის პასაჟს იმასთან დაკავშირებით,რომ წლების განმავლობაში სწორედ „ნაცმოძრაობა“, მისი განშტოებები ცდილობენ იმას, რომ შიდა დონეზე თუ საგარეო დონეზე ლეგიტიმაციის არაღიარების კონტექსტში წარმოგვაჩინონ ჩვენ,როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა და როდესაც ახლა უკვე ჩვენ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე იმყოფებით, აქ უნდა გაირკვეს, ბოლოს და ბოლოს, აი ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის რომელი არის კონსტიტუციური და რომელი არაკონსტიტუციური.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მხრიდან არის როგორც რიტორიკული კითხვა, ისე დასმული იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენსავე სარჩელში არის იმის არაერთი მტკიცებულება და ასობით შესაბამისი წყარო თუ ფაქტობრივი გარემოება მოყვანილი, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი ვინმეს შეიძლება საქართველოში კონსტიტუციის დარღვევა ბრალდებოდეს, ეს არის სწორედაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები. ასე რომ, ასე რომ, ისინი ამით ფაქტობრივად ადასტურებენ იმ იმ ბრალდებებს, რომლებიც ჩვენს სარჩელში არის მოყვანილი” - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.