
რობერტ სტურუა "ვეფხისტყაოსნის" მისეული დადგმის მეორე ნაწილს დგამს. რეჟისორი მაყურებელს მოუწოდებს, რომ ეს გენიალური პოემა კარგად წაიკითხონ, მას ჩაუღრმავდნენ და ისე მივიდნენ სპექტაკლის სანახავად.
"იმედის" იუთუბარხზე, ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ სპექტაკლს დაიწყებს შაირობის და შოთასეული პოეზიის შესახებ თხრობით, რომ ეს იქნება მისი სპექტაკლის მეორე ნაწილის ერთგვარი პროლოგი.
"ეს წიგნი სახლში უდევთ და ფურცელი არ გადაუშლიათ; ილუსტრაციებით და მოკლე ამონაწერებით იციან მხოლოდ.
მეორე ნაწილში მე ვცდილობ მოვუყვე მაყურებელს, რას ფიქრობს შოთა რუსთაველი პოეზიაზე, შაირზე. შევკრიბე ყველა მისი გამონათქვამი, რა არის ლექსი, პოეზია და პატარა სიუჟეტში ვაერთიანებ. ეს არის პროლოგი, რომ მაყურებელი მიხვდეს, რას ფიქრობდა ეს გენიოსი პოეზიაზე, რომელმაც მერე საქართველო დაიპყრო.
ჩვენ გავბედეთ და პირველად დრამატულ სცენაზე "ვეფხისტყაოსანი" დავდგით. იქნებ რაღაც არ გამოგვივიდა, ყველაფერი ისე არ არის, რომ იდეალურია. მაგრამ შემდეგი ეტაპი გააკეთოს სხვამ.
ჩვენ ის ზღვარი გავარღვიეთ, რომელსაც ქართველები ვერ ბედავდნენ. მარტო პანტომიმის თამაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში, არ შველის.
ნახევარმა საქართველომ არ ნახა სპექტაკლი და წერდნენ, მე ამ საზიზღრობას არც ვნახავო. ეს სუფთა საბჭოთა სტილია და სამწუხაროა, რომ ეს შემოგვრჩა.
როდესაც მე მსაყვედურობენ, როგორ შეიძლება ავთანდილი კოცნაობდეს თინათინთანო, მე მაქვს რუსთაველის სტრიქონები - "კბილი კბილსა მიაშურეს, მათ შორისა ელვა იყო". სიყვარული უდიდესი ვნებით აღწერა. ისეთი პოეტი არ არის რუსთაველი, რომ დაწეროს, ტუჩებში კოცნაობენო.
თუ არ წაიკითხე, ის რაც ამ ტექსტში, დიალოგში, აღწერაშია ჩადებული, მას ვერ მიხვდები", - განაცხადა რობერტ სტურუამ.