
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის იშვიათი განხეთქილება წარმოიშვა - დანიისა და შვედეთის ლიდერებმა, საჯაროდ გააკრიტიკეს ფინელი და ნორვეგიელი კოლეგები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოულოდნელი სატელეფონო საუბრის გამო. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კრიტიკული შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი ნორვეგიისა და ფინეთის ამ დამოუკიდებელი ინიციატივის მიმართ.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულმა კრემლის განცხადებამ, პუტინის უკომპრომისო ტონი გაიმეორა.
"მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ნორვეგიისა და ფინეთის ამ დამოუკიდებელი ინიციატივის მიმართ. ის არცერთ ჩვენგანთან არ იყო შეთანხმებული. ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთს ევროპასთან მშვიდობა სურს - არც ყოველდღიურად მიმდინარე ჰიბრიდული ომის კონტექსტში და არც უკრაინაში არსებულ ვითარებაში", - განაცხადა ფრედერიკსენმა საუბრის საჯაროდ გამოქვეყნებიდან მალევე.
ფრედერიკსენმა ეჭვი შეიტანა ამ ინიციატივის ეფექტიანობაში და პარალელი გაავლო წარსულში სხვა ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად გადადგმულ ნაბიჯებთან. მათ შორის, გაიხსენა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის პუტინს შეხვდა.
"ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი დანარჩენი ევროპის მტკიცე მხარდაჭერით, რომ როდესაც ვინმე ცდილობს დამოუკიდებლად მოქმედებას - როგორც ეს მოსკოვის ვიზიტის შემთხვევაში მოხდა - ჩვენთვის, ევროპელებისთვის, უმნიშვნელოვანესია ერთიანობის შენარჩუნება. სწორედ ამისთვის იბრძოდა ბევრი ჩვენგანი", - აღნიშნა ფრედერიკსენმა
მედიის ცნობით, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმაც ეჭვი გამოთქვა ამ ინიციატივის მიზანშეწონილობაში, თუმცა შედარებით რბილი ფორმით.
"ჩემი შთაბეჭდილებით, მშვიდობა ყველას სურს, პუტინის გარდა. ასეთი პირდაპირი მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს. მოლაპარაკებების გამართვა, რომელიც ევროპის ერთიანი პოზიციის გახლეჩის რისკს ქმნის, სახიფათოა. თუმცა, არ ვამბობ, რომ მათ ეს უკვე გააკეთეს. ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რას ეხებოდა ეს საუბრები“, - განაცხადა კრისტერსონმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო კომუნიკაცია ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს ინიციატივით შედგა. სტუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინთან საუბარი აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეეხებოდა.