
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა განახლდა. სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზეა. პროცესზე სიტყვის უფლებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სარგებლობენ. ანა წითლიძემ იმ საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელშია შესული და რომლებზეც სასამართლოს გადაწყვეტილებებია დამდგარი, მათ შორის სტრასბურგში. საუბარი იყო გირგვლიანის, აფრასიძეების, როინ შავაძის, იური ვაზაგაშვილის და კოდორის სპეცოპერაციის საქმეებზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები სისტემური დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენამდე კანონმდებლობაში ცვლილებები დაჩქარებული წესით განხორციელდა.
„წინამდებარე კონსტიტუციური დავა არ წარმოადგენს, ჩვენი აზრით, კლასიკურ სამართლებრივ დებატს მხარეებს შორის. „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენას წინ უსწრებდა საგანგებოდ გამიზნული, დაჩქარებული, საკანონმდებლო ნიადაგის მომზადება. ცვლილებები შევიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში, რომლითაც განისაზღვრა, რომ რეგისტრაციის გაუქმებისა ან აკრძალვის შემთხვევაში პარტიის მთელი ქონება უპირობოდ გადაეცემოდა სახელმწიფო ხაზინას. ამიტომ მიიღო ცვლილებები, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა აკრძალული პარტიების სამართლებრივი მდგომარეობა.
კანონში ჩაიწერა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის სიით არჩეული ყველა დეპუტატის საპარლამენტო ადგილობრივი თვითმმართველობის მანდატი, ხოლო თავად საარჩევნო სია ანულირდება“, - აცხადებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.