
ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, ეს არის საზღვარგარეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში იწოდება, როგორც პოლიტიკური პარტიები და რეგისტრირებული არიან პოლიტიკურ პარტიებად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას.
მისივე თქმით, ქართველი ოპოზიციონერები არიან უცხოური დაკვეთის შემსრულებელი აქტორები, თანამდებობის პირები წინა ხელისუფლებიდან, რომლებიც დღეს ცდილობენ გარედან მიღებული დავალებებით დააზიანონ ქვეყანა და დააზიანონ ქართველი ხალხი.
„არავითარი ხუთი პარტია იქ არ არსებობს, იქ არის ერთი ქსელი, ეს პარტიებიც წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა განაყოფებისგან და სხვადასხვა პიროვნებებისგან, რომლებმაც დააარსეს. ისინი საჭიროებების მიხედვით ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ.
ეს ყველაფერი ეხება ამ ყველას ერთად, რადგან ერთიან პოლიტიკას ახორციელებენ, მათ ქმედებებში ძალიან იოლად შეინიშნება ერთი ხელის კოორდინირებით გაკეთებული ქმედებები და ორკესტრირებულად მოქმედებენ. არავითარი ლოგიკა არ დგას იმაში, რომ ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას ის სარჩელი, რომელიც წარმოდგენილია", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.