
აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო, - ასე მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამიას მის შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
მოსამართლემ გვარამიას იმ თანამდებობის პირების ნუსხის წარდგენა მოსთხოვა, რომელთა დაკითხვასაც ითხოვენ.
„თუ თქვენ კონკრეტული მოწმეების ჩამონათვალი გექნებოდათ... გავიგეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ინკვიზიციური განხილვის უფლება აქვს და შეუძლია მტკიცებულებების გამოთხოვა, რასაც ის ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ რას დავადგენთ, ეგ ჩვენი გადასაწყვეტია. თქვენ შუამდგომლობთ და თქვენ უნდა მითხრათ მე და სასამართლოს, დაასახელოთ კონკრეტული პირები: მსურს ამა და ამ პიროვნების დაკითხვა, ამიტომ და ამიტომ.
ჯერ ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი. თქვენ მეუბნებით, რომ უნდა დავკითხოთ ხალხიო, არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ვიცი მათი თანამდებობებიო. ბატონო ნიკა, თქვენ ახლა წელავთ დროს. წარმოადგინეთ ნუსხა, რომელი თანამდებობის პირების დაკითხვა გნებავთ“, — განაცხადა მოსამართლემ.