
თუ შევხედავთ იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. თქვენ იცით, რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი ძლიერია მტკიცებულებებით და სამართლებრივი თვალსაზრისითაც გამართულია, შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ ოპოზიციას ვერ ექნება მოყვანილი მტკიცებულებების გასაბათილებელი არგუმენტები.
"მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან, რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ყოველ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები, ალბათ, ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები,"- აღნიშნა კახიანმა.