
მოქალაქეებს ართმევენ არჩევანის საშუალებას, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მიმართული , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის საპარლამენტო დეპუტატმა, გიგა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
ფარულავამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც გახარიას პარტია “ქართულ ოცნებასთან” კეკლუცობაში დაადანაშაულა. ფარულავამ ზურაბიშვილს ლექსიკის გასწორებისკენ მოუწოდა.
“სალომეს, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ ლექსიკა გაასწოროს, თვალი გაუსწოროს იმ ობიექტურ რეალობას და ჰქონდეს ობიექტური რეალობის აღქმა იმაზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში.
ჩვენ თუ თავს არ ვესხმით სალომე ზურაბიშვილს და არ ვაკეთებთ რაიმე შეფასებას მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, როგორც ქალს და პატივს ვცემთ მის ასაკს. გაიხსენოს კარგად თუნდაც ერთი წლის წინ ბოიკოტისკენ რომ მოუწოდებდა საზოგადოებას, მოქალაქეებს მოუწოდებდა იმისკენ, რომ დილით გამოსულიყვნენ და რევოლუციური პროცესებით ამთავრებდა “ოცნების: ხელისუფლებას, საღამოს კი სახლში შეხვდა ამ პროცესებს და თითი არ გაუნძრევია საერთოდ ამ პროვოკაციული რევოლუციური სცენარის შედეგად დაკავებული მოქალაქეების დასახმარებლად, შესაბამისად, ლექსიკა გაასწოროს და თვალი გაუსწოროს იმ ობიექტურ რეალობას, რაც არის.
ბოლოს და ბოლოს, მისი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის მთელი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, სამეგრელოში.დაეშვას ღრუბლებიდან და თვალი გაუსწოროს ობიექტურად არსებულ პროცესებს.
ჩვენ როდესაც ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ, აქ არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიული ინტერესები. საქმე ეხება მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს. მოქალაქეებს ართმევენ არჩევანის საშუალებას, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის ეს პროცესი მიმართული, ჩვენ კი აქ წარმოდგენილი ვართ, როგორც მხარე და ჩვენ სამართლებრივად რა გზასაც ვხედავთ, იქნება ეს კონკრეტულად ერთი შუამდგომლობა, რაც გუშინ დავაყენეთ, თუ ხვალ ან ზეგ რა სამართლებრივ ბერკეტებს გამოვიყენებთ, ეს ჩვენი ტაქტიკაა”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.