
ეს პარტია “ქართული ოცნება“ პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს იძლევა - შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის მიხედვით, ვიღაცაზე მოითხოვონ და აკრძალონ, ხოლო ვიღაცაზე არ მოითხოვონ და არ აკრძალონ! - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც გვარამიამ განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის 95%-ს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას წარმოადგენს. მან აღნიშნა ისიც, რომ თავად საპარლამენტო კომისიის დასკვნა დამყარებულია არა ფაქტებზე, არამედ ვიღაცის აღქმებზე ფაქტებთან დაკავშირებით.
„უნდათ, რომ გაუქმდეს ყველა პარტია და ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკოსი, ვისაც თვითონ გადაწყვეტენ. უკვე არა აკრძალულებს და პოლიტიკურ ლიცენზია მიღებულებს კი, შემთხვევით თუ ივანიშვილს გააკრიტიკებენ, ამის შემდეგ აკრძალავენ. ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა ერთპიროვნულად, არაბუნებრივად და მისი კონსტრუირება ისე, როგორც ეს ვიღაცას უნდა - როგორც ცნობილ სიმღერაშია „რაც მამას უნდა“, - განაცხადა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის ავტორთა განცხადებით, ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარე ოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამით აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.