რეზონანსი
21.10.2026

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ  ივლისს – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×