რეზონანსი
20.10.2026

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში განმეორებით გადმოიყვანეს, რა დროსაც მას „აღენიშნებოდა დაზიანებები ზემო კიდურებზე“. როგორც ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დავით ფეიქრიშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის და ახლა მიმდინარეობს ჭრილობების დამუშავება. კლინიკაში აცხადებენ, რომ პატიმარს აღნიშნული დაზიანებები გუშინ არ ჰქონია.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ [დავით ფეიქრიშვილი] შემოყვანილია განმეორებით კლინიკა „ვივამედში". მას აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, ახლა მიმდინარეობს ჭრილობების დამუშავება. გუშინ შემოსვლისას ეს ჭრილობები არ ჰქონდა. მისი მდგომარეობა მძიმე ნამდვილად არ არის, სტაბილურია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კონტექსტისთვის შეგახსენებთ, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში" თავდაპირველად 19 ოქტომბერს 21:00 საათზე შეიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×