რეზონანსი
20.10.2026

ორი ევროპელი დიპლომატის ცნობით, უნგრეთმა შეაფერხა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის არის საჭირო. ამის შესახებ POLITICO წერს. 

კიევმა და კიშინიოვმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს, როდესაც 15 ივნისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ორივე ქვეყნისთვის მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური თავის გახსნას. ეს პროცესი წლების განმავლობაში დაბლოკილი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.

ამჟამად ორივე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სწრაფად გავლას იმედოვნებს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, რომ კიევი მიზნად ისახავს ექვსივე მოლაპარაკებების კლასტერის (ოფიციალური თავების ჯგუფების) გახსნას ივლისის შუა რიცხვებისთვის.

თუმცა, ეს ვადები საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც სამშაბათს უნგრეთმა დაბლოკა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიისთვის იმ წერილის გაგზავნა, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საერთო პოზიციას ასახავს. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ნაბიჯს მხარი არ დაუჭირა; აღნიშნული საკითხი, რომლისთვისაც 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო, მომავალ კვირას კვლავ განიხილება. 

ბრიუსელში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის სპიკერს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი სრულად შეესაბამება პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის გულგრილ პოზიციას უკრაინის წევრობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მადიარს უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია, მისმა მთავრობამ დაჟინებით მოითხოვა გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წერილობითი დასკვნებიდან ფრაზის - "რაც შეიძლება სწრაფად" ამოღება, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხებოდა.

ორივე დიპლომატმა ანონიმურობის შენარჩუნება ისურვა, ვინაიდან მათ არ აქვთ უფლება ოფიციალურად ისაუბრონ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცედურებზე.

გასულ კვირას, ევროპის საბჭოს შეხვედრის დასრულებისას გამართულ პრესკონფერენციაზე მადიარმა საკუთარი პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა და ჟურნალისტებს განუცხადა:

"სულ ექვსი კლასტერია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყველა მათგანის ერთბაშად გახსნა კარგი იდეაა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველ კლასტერზე მელანიც კი არ გამშრალა, და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლებმაც წლები დახარჯეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში“, - განაცხადა მადიარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×