
მათთვის თვითმიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება - მათ ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად, არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც მათ შორის პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის საკითხი განიხილებოდა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, "მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ".
„ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ხალხის ნაცვლად ესაუბრებიან დიპლომატებს და უცხოელ პატრონებს, არჩევნების წინაც კი, როცა ხალხს უნდა ესაუბრონ. ახლა, როცა არის სასამართლო პროცესი, სასამართლოს მაგივრად, ურჩევნიათ ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბუნებრივია, ბევრ რამეზე მეტყველებს. მათ შორის, იმაზეც მეტყველებს, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. 2012 წლამდე, იცით, როგორია ამ პოლიტიკური პარტიების წარსული და ასევე, 2012 წლიდან მოყოლებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა არჩევნების ჩაშლა სცადეს. 2012 წლის არჩევნების ჩაშლაც კი სცადეს, რომელიც მათ მიერვე იყო ჩატარებული და მერე 2016-ში, 2020-ში და 2024-ში. საუბარი მაქვს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე. არალეგიტიმურად გამოაცხადეს ჯერ მარგველაშვილი, შემდეგ ზურაბიშვილი. ყველა პრეზიდენტს, პარლამენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, რაც თავისთავად ფარსი იყო. შემდეგ უწევდათ „არალეგიტიმურ" პარლამენტში შესვლა, „არალეგიტიმური" პრეზიდენტის გმირად გამოცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის თვითმიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება. ეს არის ის მარტივი არგუმენტები, რასაც ისინი ვერ უპირისპირებენ საკუთარ კონტრარგუმენტებს, აქედან გამომდინარე, ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად, არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს.
რაც შეეხება ევროკავშირის ცალკეული წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, რომ განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს არის თავისთავად შემაშფოთებელი. ეს ყველაფერი პირდაპირ უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, რაც სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", „ფედერალისტური პარტია", „გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.