
სახალხო დამცველის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატმა ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ციხეში მონახულების შესახებ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება. სახალხო დამცველი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.
იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.