
სტამბოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს მას შემდეგ, რაც თურქეთის უდიდეს ქალაქს ბოლო 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაატყდა თავს, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
სტამბოლის გუბერნატორმა, დავუთ გიულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლში 6 ადამიანი დაიღუპა, მეგაპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში წყალმა კიდევ 2 ცხედარი გამორიყა, რომლებიც მეზობელი პროვინციიდან იყვნენ.
ოთხშაბათს მოსულმა ისტორიულად ძლიერმა ნალექმა, რომელიც, ოფიციალური პირების განცხადებით, 1942 წელს დაკვირვებების დაწყების შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო, ქაოსი და უეცარი წყალდიდობები გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იტაცებდა სწრაფად მომდინარე წყალი ავტომობილებსა და ადამიანებს.
მედიის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, ქალაქში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.