
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელებისთვის საქონლის ხორცი გადაუდებელი აუცილებლობით შეისყიდა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, შესყიდვა განხორციელდება ბაზრის კვლევის საფუძველზე უმცირესი ფასის მქონე კომპანიასთან, ასეთი კი არის „მითარეა“, რომელმაც საჭირო ხორცის შესყიდვისთვის ღირებულება 1 788 823.36 ლარით განსაზღვრა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ დედაქალაქის 192 საბავშვო ბაღს ჯამში 43629,96 კგ გაციებული საქონლის ხორცი უნდა მიაწოდოს.
მათივე ცნობით, საქონლის ხორცის შესყიდვა უნდა განხორციელდეს გამარტივებული ერთობლივი შესყიდვის საშუალებით, 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის 2026 წლის 19 მაისის შემდგომ 12-ჯერ გამოცხადდა საქონლის ხორცის შესყიდვის კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც არც ერთხელ შედგა. აღნიშნული გარემოება ქმნის შემდეგ მძიმე და სავალდებულო ფაქტორებს: ირღვევა კანონმდებლობით განსაზღვრული კვების ნორმები: საქართველოს მთავრობის N 487 დადგენილების შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მკაცრად არის რეგულირებული ბავშვის დღიური კალორაჟი (1292 კალორია) და საკვები პროდუქტების ნორმები. კერძოდ, საქონლის ხორცის დღიური ნორმა შეადგენს 44 გრამს (კვირაში 220 გრამს). ბავშვებში დგება ცილოვანი პროდუქტის დეფიციტის საფრთხე: საქონლის ხორცი წარმოადგენს სავალდებულო და შეუცვლელ ცილოვან ჯგუფის პროდუქტს, რომლის რეგულარული მიღებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის.