
11 წლის ვატო ნარსავიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, გუშინ იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვს შუნტირება დასჭირდა. ექიმები მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ. ყველას გვჯერა, რომ სიცოცხლით სავსე პატარა ბიჭი ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოვა, შვილის თვალებს შემყურე დედას მალე სიყვარულით დაუძახებს დედას, მალე ჩაეხუტება ჩვეული ღიმილით მშობლებს, რომლებიც დღე და ღამეს კლინიკაში ატარებენ და ლოცულობენ შვილის კარგად ყოფნისთვის.
ოჯახს ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ ვატოს სრულ გამოჯანმრთელებამდე საკმაოდ დიდი გზის გავლა მოუწევს და რეაბილიტაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება.
საზოგადოებას კარგად ახსოვს 31 აგვისტოს თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე მომხდარი უმძიმესი ფაქტი. ე.წ დევნილთა კორპუსის მეათე სართულიდან 28 წლის დავით ბაგაშვილის მიერ ნასროლი სკამი ეზოში მყოფ ბავშვს თავზე დაეცა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ვატო, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ურთულესი, 6-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 21 დღე ბავშვი ურთულეს მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა.
ვატოს დედას, თიკო ქანთარიას ambebi.ge კლინიკაში დაუკავშირდa და სთხოვა შვილის მდგომარეობაზე ესაუბრა:
"ვატოს დაუგეგმავი ოპერაცია დასჭირდა, გუშინ გავუკეთეთ და შუნტი ჩაუდგეს თავში, რადგან დაგროვდა სითხე, რომელიც არ გაიწოვა ორგანიზმმა. ვერ შეძლო გაწოვა, სითხე გროვდებოდა, რას არ ეცადნენ ექიმები, რომ დასტაბილურებულიყო მდგომარეობა, მაგრამ ვერ მოახერხეს, ამიტომ სასწრაფოდ გაუკეთდა კიდევ ერთი ოპერაცია. 24 საათის განმავლობაში ვიყავით რეანიმაციაში, ახლა ჩამოვედით პალატაში.
შემდგომში კიდევ ერთი, მესამე ოპერაცია გველოდება, თავის ქალა უნდა დახურონ. ახლა თავზე დასჭირდა შუნტი. ამ ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ექიმმა გვითხრა, შეიძლება ბევრი გართულება მოყვეს. ჯერ მეორე დღეა და წინასწარ ვერაფერს გვეუბნებიან. დაკვირვების ქვეშ არის ბავშვი, იმიტომ რომ უცხო სხეულია ორგანიზმში შეტანილი და როგორ აითვისებს მისი ორგანიზმი, ამას აკვირდებიან.
აზრიანი გამოხედვა აქვს, ჯერჯერობით ვატო ვერ ლაპარაკობს, ჯერ მეტყველებაზე ნაადრევია საუბარი, მაგრამ თვალები აქვს გახელილი, აშკარად თვალებით გვესაუბრება, თავის რეაქციებს გამოხატავს, სიხარულს, ემოციას, უბრალოდ ყველაფრის აღქმა არ შეუძლია, არ არის ჯერ ბოლომდე კონტაქტური, ზონდის მეშვეობით იკვებება. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, ექიმი ყველანაირად კმაყოფილია, მივდივართ წინ, მაგრამ დაგვჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაცია.
ღმერთის წყალობით ვართ კარგი შედეგის მოლოდინში. ნელ-ნელა, დრო გვჭირდება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ექიმმა გვითხრა ამ ოპერაციის შემდეგ უფრო იქნება პროგრესიო, უფრო აამოძრავებს ხელს და ფეხსო. ვატოს მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერ ამოძრავებს. ვერც გვეკონტაქტება, ვერც საუბრობს. ასეთ მდგომარეობაში ვართ, ვართ იმის მოლოდინში რა მდგომარეობა ექნება, როგორ დაიწყებს თუნდაც მეტყველებას, თუნდაც მოძრაობას, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ექიმთან ერთად ჩვენც ვაკვირდებით ყველაფერს, გამოჯანმრთელებას ველოდებით.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა გულშემატკივარს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემი შვილისთვის თუნდაც ერთი სანთელი დაანთო, ვინც ეს ამბავი გულთან მიიტანა, ვინც გაიზიარა სიტყვიერად, მორალურად, მატერიალურად, ყველანაირად, ვინც დაგვიდგა გვერდში, ღმერთმა დალოცოს ყველა და ყველას უღრმესი მადლობა. ენით აღუწერელი მადლობა. ამ ხალხის გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარა და გვეხმარება დღემდე.
ეზოში რომ ჩავედით სისხლის გუბეში იწვა ჩემი შვილი, დასისხლიანებული, პოლიციამ ახლოს არ მიგვიშვა მშობლები, ახლოს არ გაგვაკარა არც ერთი, ჩემი შვილი ეგდო ასფალტზე პირდაღმა, სუნთქვა ჰქონდა შეკრული. ჩემი ქმარი ეხვეწებოდა პოლიციელებს, რომ მიეშვათ ბავშვთან, მიმიშვით, ნიკაპი გავუსწორო ჩემს შვილს, რომ ამოისუნთქოსო, ამის გასაკეთებლად თქვენი არ იცით მთელი ბრძოლა დასჭირდა.
სასწრაფოს მოსვლამდე შორიდან უყურებდნენ ბავშვს, დიდი ბრძოლის შემდეგ ჩემი ქმარი პირველი მივიდა ბავშვთან რომ პირველადი დახმარება გაეწია და რომ ამოესუნთქა ჩემს შვილს. გაუსწორა ნიკაპი ბევრი ბრძოლის და ჭიდაობის შემდეგ, მაინც მიაღწია ბავშვამდე და პირველად სიღრმისეულად ამოისუნთქა ბავშვმა. მერე უცებ სასწრაფო მოვიდა და გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში.
იქ გაუკეთდა თავის უმძიმესი ოპერაცია. ექვს საათიანი ოპერაცია დასჭირდა. ბატონმა არჩილ აგლაძემ, ნეიროქირურგი არის უძლიერესი იაშვილში, მან ჩაუტარა ეს ორი ოპერაცია ჩემს შვილს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მადლობელი ვარ, დღემდე დასტრიალებს ჩემს შვილს და მისი გუნდის ყველა წევრს ასევე დიდი მადლობა. თავს ევლებიან ჩემს შვილს, არანაირი ყურადღება არ მოუკლიათ, პირველადი დახმარება იქნება თუ შემდგომი, ყველანაირად გვერდში გვიდგას ეს საავადმყოფო და მისი თანამშრომლები, რომელთა მიმართ მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის", - განუცხადა ambebi.ge-ს თიკო ქანთარიამ.
ვატო ნარსავიძის რეაბილიტაციისთვის საჭიროა თანხების მოძიება,
მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ვატოს დედის, თიკო ქანთარიას საბანკო ანგარიშის ნომრებზე
საქართველოს ბანკი GGE55BG0000000533934768
თიბისი ბანკი GE70თB7445045064300101პირადი ნომერი 42201042660
მიმღები დედა, თიკო ქანთარია
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე