რეზონანსი
19.10.2026

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გუნდის ყოფილი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„უმრავლესობის სხდომაზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, რა თქმა უნდა, ეს თემაც იყო, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის წევრების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რაც გუნდისთვისაც დიდი წუხილია, რომ მისი ლიდერები, ყოფილი ლიდერი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები.

როცა ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არამხოლოდ ბიძინაშვილის, მთლიანად გუნდში არის იმედგაცრუება. [უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომაზე] ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა, ზოგადად იყო საუბარი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და თავად ბიძინა ივანიშვილი შეეხო ამ თემას.

რაც შეეხება იმას, შეწყალებაზე იყო თუ არა საუბარი, არა, არ ყოფილა საუბარი. წუხილი იმას ნიშნავს, რომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენი რამდენიმე ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველას აქვს, ყველა პატიმარს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა",- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×