რეზონანსი
17.10.2026

პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, სიმამაცე და სამშობლოსადმი უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა. თქვენ ხართ ის მისაბაძი მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ, - განაცხადა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა, მათი ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია.

„გილოცავთ 17 ოქტომბერს - ვეტერანის დღეს, თარიღს, რომელსაც მთელი საქართველო განსაკუთრებული პატივისცემით, სიამაყითა და ღრმა მადლიერებით აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც სრულიად ერი ერთსულოვნად ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით, თავდადებითა და უტეხი სულით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია დაწერეს.

საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია - ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია. ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში სამარადჟამოდ უკვდავყოფილია და საპატიო ადგილი უკავიათ იმ გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის. დიდება და პატივი მათ ხსოვნას, სწორედ მათმა თავგანწირვამ შთაბერა სიცოცხლე ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, სიმამაცე და სამშობლოსადმი უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა. თქვენ ხართ ის მისაბაძი მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.

თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ვეტერანებზე ზრუნვა, თქვენი ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია. ხელისუფლების ვალდებულებაა თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება.

დღეს, როდესაც მსოფლიოში განსაკუთრებით რთული და არასტაბილური პერიოდია, როდესაც გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ომები და კონფლიქტები არაერთ კონტინენტზე მძვინვარებს, ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ გესმით მშვიდობისა და თავისუფლების ჭეშმარიტი ფასი.

თქვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა; ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, სიმტკიცეს, ძლიერ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას. ჩვენი ეროვნული სულისკვეთება სწორედ ისტორიულ მეხსიერებასა და თაობათა შორის უწყვეტ კავშირზე დგას. ღრმად მწამს, რომ ქვეყანას, რომელსაც ახსოვს საკუთარი გმირები, აფასებს მათ ღვაწლს და იცავს მათ მემკვიდრეობას, მყარი საძირკველი და ნათელი მომავალი გააჩნია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და ერთგულებისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე გამოიჩინეთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×