რეზონანსი
16.10.2026

რესტორანში ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", საღამოს 7 საათზე მივიდნენ. შიდა სივრცეში შევიდნენ და მაგიდა დაიკავეს. ამ დროს მათთან ერთად კიდევ ერთი პირი იყო - შოთა ყიფიანი.

შესვლიდან რამდენიმე წუთში, სამივემ რესტორნის ტერიტორია დატოვა. რა მოხდა რესტორან მაროსთან? დეტალები "კურიერისთვის“ ცნობილია.

ყიფიანს, ბილანიშვილს და მათ თანმხლებ პირს დაპირისპირება რესტორნის სტუმართან მოუვიდათ. სიტყვიერი კონფლიქტი 60 წლამდე მამაკაცთან იმით დასრულდა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ძალადობის შედეგად მოქალაქემ დაზიანებები მიიღო.

ამ დეტალებზე საუბარს რესტორნის თანამშრომლები თავს არიდებენ. "კურიერს" მხოლოდ ის უთხრეს, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ობიექტზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოიღო.

სამართალდამცველებმა ჩანაწერები ამოიღეს, გაშიფრეს, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს: ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - ვატო ყიფიანი, იგივე ვახტანგ ჟვანია, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", და შოთა ყიფიანი.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის კვალზე სამართალდამცველები დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე გავიდნენ. 60 წლამდე მამაკაცი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მივიდა და მასზე ძალადობის დეტალები მოყვა.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის დაკავებული ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" და შოთა ყიფიანი საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მიიყვანეს. დღეს მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა, გადაწყვეტილებაც მალე გამოაცხადა და ბრალდებულები ორთვიან პატიმრობაში დატოვა. სასამართლოდან სამივე პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სასამართლო სხდომა 1 საათს გრძელდებოდა. ბრალდებულებს სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ, ამ ეტაპზე სამივე დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდების მხარემ სხდომაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის დეტალები გაასაჯაროვა და იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში იარსებებდა.

ვატო ყიფიანის, იგივე ვახტანგ ჟვანიას, ასევე ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს", სახელები სხვადასხვა დროს მომხდარ არაერთ კრიმინალურ ფაქტთან იყო დაკავშირებული. ყიფიანი ბოლოს 2021 წელს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეზე დააკავეს.

რაც შეეხება ავთანდილ ბილანიშვილს, მისი სახელი 2020 წელს გაჟღერდა, მაშინ, როდესაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ის მოწმის სახით გამოკითხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×