
რადიკალური ოპოზიცია როცა ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, საქართველოზე თავდასხმას სხვა ქვეყნებიდან, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, ამათი სანქციების იანვრამდე გადაწევა, იყო უდიდესი შეცდომა, ევროკავშირის ელჩის ადგილზე დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი“.
პაპუაშვილის თქმით. ნიკა გვარამიას განცხადებაც გამოდგება დასტურად საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს ჯგუფები საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებენ.
„უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონგრატა თუ ნებისმიერი მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, საქართველოზე თავდასხმას სხვა ქვეყნებიდან, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ჩვენს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, ეს განცხადებაც გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დასტური, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან ისპაჰანში, ხან პეტროგრადში, ხან საბჭოთა მოსკოვში, რათა საქართველოს წინააღმდეგ ეთხოვათ ჯარის შეკრება და გამოგზავნა, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეები საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს კრეფდნენ. ახლაც ასე იქცევიან, ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე, მნიშვნელობა არა აქვს ეს იქნება რაკეტები თუ სანქციები, ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.