
როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ, ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქციების იანვრამდე გადაწევის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები დამატებით დაეხმარებათ მათ საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც სარჩელს წარადგენენ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.
„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ეს განცხადებაც არის ამისი მორიგი გამოხატულება. როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ, ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება. ასეთი განცხადებები დამატებით დაგვეხმარება ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც წარვადგენთ ჩვენს სარჩელს ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მთელი მათი საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი განცხადებები დამატებით დახმარებას გაგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა „ქოცებს“ იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო. ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, „ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და მიიჩნევენ სისუსტედ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ (არა მარტო ევროკავშირის პოზიციით, არამედ შემდეგ დღეს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის უმკაცრესი დასკვნითაც) - პარტიების გაუქმება - დაჩქარებული ტემპებით მიყავთ ბოლომდე. საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ “მოძალადე” პოლიტიკოსები და პარტიები. არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან - ევროკავშირისგან“, - დაწერა გვარამიამ.