
მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებით დაკავებული გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ გიორგი მალანია კარგად იცნობდა მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილს. ავალიანის დედის თქმით, ამას ადასტურებს ნია იმნაძისსა და მამამისის საუბრის ჩანაწერებიც.
მოკლული მასწავლებლის დედა დანაშაულში რაიმე სახით ჩართული ყველა პირის დასჯას ითხოვს. მისი თქმით, გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად მოცულობითი და საშიშია, თუ ამ მკვლელობაში ყველა არ დაისაჯა სათანადოდ და კანონის მთელი სიმკაცრით, და თუ არასრულწლოვნები დაუსჯელობით წახალისდებიან, "მართლა ხმალამოღებული, გაწყვეტენ ხალხს ისე, რომ შემდეგ იქნება შეუქცევადი პროცესი და ჩვენ ამის შეკავებასა და გაჩერებას ვეღარ შევძლებთ".
„მტკიცებულებები არის უხვად მყარი, ნოყიერი და შინაარსობრივი. რაც შეეხება ჩემს გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომლებიც მე ამოვიღე საქმის მასალებიდან, ცხადყოფს იმას, რომ გიორგი მალანიასა და ალექსანდრე გაბაშვილს საკმაოდ თბილი, თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
ნია იმნაძეს ეუბნება მამამისი, „ამ გიოსაც კიდე ვინ ეკითხებოდა, სრულიად უცხო ადამიანს რომ მისცა მისამართი?“ ნია იმნაძე ეუბნება - „რატომ უცხო, 3-4 დღე ჰო ჰქონდათ ასეთი ახლო ურთიერთობაო?“ ანუ ისინი უკვე იყვნენ მეგობრები.
ალექსანდრე გაბაშვილის განზრახვა, რომ იყო თავდასხმა, ეს უკვე ორმა მოსამართლემ განჩინებაში ჩადო და ვინაიდან გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო და გიგა მას იცნობდა, ალექსანდრე გაბაშვილს თავდასხმისთვის არ გამოადგებოდა.
ალექსანდრე გაბაშვილი საერთოდ არ იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლა! გიორგი მალანია ადგილზე რომ არ იყო, არაფერს ცვლის. გიორგი მალანიას ჩვენ ვედავებით დახმარებას. მუშტი-კრივში დასახმარებლად ჰყავდა დემეტრე ჩიქოვანი, რიკაძე.
ფოტოებში ჩანს, რომ იაპონური ხანჯალი ხელში უჭირავს დემეტრე კასრაძის ძმას, საბა კასრაძეს და ზუსტად ეს იარაღი შემდეგ უჭირავს ხელში ალექსანდრე გაბაშვილს, როცა ის ლიფტში პოზიორობს. აქ კი საშიში არის ის, რომ 130-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის შვილია და მას ეს ფოტო უდევს თავის პროფილზე და შვილს ულოცავს დაბადების დღეს.
გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად მოცულობითია, იმდენად საშიშია, იმდენად ამაზრზენია, თუ ამ მკვლელობაში ყველა არ დაისაჯა სათანადოდ და კანონის მთელი სიმკაცრით, აი, ეს არ არასრულწლოვნები და ისინიც შემდეგ, ვინც ამათი დაუსჯელობით წახალისდებიან, მართლა ხმალამოღებული, გაწყვეტენ ხალხს ისე, რომ შემდეგ იქნება შეუქცევადი პროცესი და ჩვენ ამის შეკავებასა და გაჩერებას ვეღარ შევძლებთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.